მსოფლიომედიცინასაზოგადოებასაქართველო

უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია თურქული თვითმფრინავით განხორციელდება

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თურქულ მხარესთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩინეთის ქალაქ უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე.

თურქული საინფორმაცო სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, რომ უჰანიდან თურქეთის 34 მოქალაქესთან ერთად იგეგმება საქართველოს, ალბანეთისა და აზრებაიჯანის მოქალაქეთა ევაკუაციაც.

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აზუსტებს, საქართველოს რამდენი მოქალაქის ევაკუაციაა დაგეგმილი.

თურქული საინფორმაციო წყაროს ცნობით, ევაკუირებულ მოქალაქეებს კარანტინში გააჩერებენ.

ცნობის თანახმად, თურქული სამხედრო თვითმფრინავი ანკარის სამხედრო აეროდრომიდან ჩინეთში დღეს გაფრინდება. ბორტზე მედიკოსებიც იმყოფებიან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

radiotavisufleba.ge

30 იანვრის 18:00 საათის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 7 783 შემთხვევა ფიქსირდება.  გარდაცვლილია 170 ადამიანი, ყველა მათგანი – ჩინეთის ტერიტორიაზე. გამოჯანმრთელდა 133 პაციენტი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე. წ. უჰანის პნევმონიის შემთხვევა ტიბეტში გამოვლინდა, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი მთელ ჩინეთს მოედო. 31 დეკემბრიდან დღემდე დაავადება ჩინეთის გარდა კიდევ 19 ქვეყანაში გავრცელდა და, საერთო ჯამში, ჩინეთის გარეთ ახალი კორონავირუსით დაავადების 105 შემთხვევაა გამოვლენილი – ავსტრალიაში (7), ვიეტნამში (2), კანადაში (3), მალაიზიაში (7), სინგაპურში (10), არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (4), აშშ-ში (5), ტაილანდში (14), ჰონკონგში (10), ტაივანში (8), მაკაუში (7), ნეპალში (1), კამბოჯაში (1), სამხრეთ კორეაში (4), შრი-ლანკაზე (1), იაპონიაში (11), საფრანგეთში (5), გერმანიაში (4) და ფინეთში (1).

ევროპაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები ამ დროისთვის საფრანგეთში (5), გერმანიაში (ბავარია – 4) და ფინეთშია (1) დაფიქსირებული.

საბერძნეთსა და იტალიაში ახალი ჩინური ვირუსი არ გამოჩენილა. არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა რუსეთში, თუმცა რუსეთმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება და ჩინეთთან სახმელეთო საზღვარს კეტავს (მსოფლიოში სიგრძით მე-5 სახმელეთო საზღვარი), შესაბამისი სამუშაოები დაიწყო.

ვირუსი პირველად ადამიანს ცხოველისგან შეეყარა (მეცნიერთა ვარაუდით, ვირუსის პირველწყარო ღამურებია), რამაც განაპირობა ის, რომ თავდაპირველად მისი გავრცელება სწრაფად არ მომხდარა, თუმცა მუტაციის შედეგად ჩინური კორონავირუსი უკვე ადამიანიდან ადამიანზე გადადის, აქედან გამომდინარე, მან სწრაფად გავრცელება დაიწყო.

ახალი ჩინური კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი ერთიდან 14 დღემდეა და დაინფიცირებული ადამიანი დაავადების წყაროა მთელი საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში – ანუ მისგან სხვა ადამიანები დაავადების ნიშნების გამოვლენამდეც ინფიცირდებიან.

საქართველომ ჩინური ვირუსისგან თავდასაცავად ჩინეთიდან ფრენები აკრძალა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close