fbpx
მსოფლიოპოლიტიკაპოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი თურქეთის წინააღმდეგ მხარდაჭერას ეძებს

საბერძნეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება თურქეთის მოთხოვნას, ეგეოსის ზღვაში 16 კუნძულის დემილიტარიზაცია მოახდინოს. თურქეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყნის ინტერესებს იცავს და მოლაპარაკებისთვის მზადაა, მაგრამ ანალიტიკოსები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ თურქეთის მზარდად „მტკიცე დიპლომატია“ ანკარას იზოლაციით და რეგიონულ დაძაბულობას კი გამწვავებით ემუქრება.

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოლაოს პანაიოტოპულოსმა შაბათს განაცხადა: „საბერძნეთი პროვოკაციაზე არ მიდის, სხვების სუვერენულ უფლებებს არ არღვევს, მაგრამ არ მოსწონს იმის დანახვა, რომ მის უფლებებს არღვევენ“.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ოთხშაბათს საბერძნეთს ბრალი დასდო, რომ კუნძულებზე სამხედროს ძალის ყოფნით არღვევს 1936 წელს დადებულ ლოზანის ხელშეკრულებას, რომელიც თურქეთსა და საბერძნეთს შორის ეგეოსის ზღვის საკითხს აგვარებს.

ორ ქვეყანას შორის დავა 1974 წელს დაიწყო, როდესაც ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კვიპროსზე, პრობერძნული პუტჩის შემდგომ თურქეთის შეჭრის პასუხად, ათენმა თურქეთის ნაპირთან კუნძულების მილიტარიზაცია დაიწყო.

ათენის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების მკვლევარი ჩენგიზ აქთარი ამბობს: „დღეს თურქეთი კუნძულების დემილიტარიზაციას ითხოვს, ეს თურქეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საბერძნეთის საჰაერო სივრცის დარღვევების, ისტორიულად არნახული ზრდის დროს ხდება. ეს იმის გზავნილია, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში თურქეთი აგრესიული ძალაა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მეზობელ საბერძნეთთან ღია შეიარაღებული კონფლიქტი სურს.

გასულ კვირაში თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა დაძაბულობა კიდევ უფრო გააძლიერა განცხადებით, რომ თურქეთი კვიპროსის სადავო წყლებში ნახშირწყალბადების მოსაძიებლად საძიებო გემებს განალაგებს.

ისრაელის და კვიპროსის მიერ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბუნებრივი გაზის დიდი საბადოების აღმოჩენამ წიაღისეული საწვავისთვის რეგიონის სახელმწიფოების ბრძოლა გამოიწვია.

ანკარა საბერძნეთს და რეგიონის სხვა ქვეყნებს ბრალს სდებს, რომ ისინი სავარაუდო დიდი ენერგეტიკული რესურსიდან მის მოწყვეტას ცდილობენ. ოთხშაბათს აკარმა თქვა: „არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი უფლებები რამენაირად დაარღვიოს. ეს მუქარა არ არის. არ არის სისუსტე იმის თქმა, რომ ჩვენს მეზობლებთან კარგი ურთიერთობები გვსურს“.

თურქეთის ყოფილმა ელჩმა მითათ რენდემ თქვა: „თურქეთის სტრატეგიაა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში თავისი კანონიერი უფლებები დაიცვას. სტრატეგია ისაა, რომ საკითხი სამართლიანად გადაიჭრას. თურქეთმა ნათლად აჩვენა, რომ მოლაპარაკებისთვის მზადაა“.

თუმცა, როგორც ჩანს, ძალით ზურგგამაგრებულ დიპლომატიას არასასურველი შედეგი მოაქვს. ათენი ევროკავშირიდან თავის პარტნიორებს მიმართავს, რომ ანკარას წინააღმდეგობა გაუწიოს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება და შემდეგ ბრიუსელში გაემგზავრება, რათა ანკარის წინააღმდეგ მხარდაჭერის გასაძლიერებლად ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჩარლზ მიჩელს ესაუბროს.

amerikiskhma.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close