თბილისის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს სცემეს (ვიდეო)
თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, სცემეს.
როგორც გაირკვა, ფიზიკურ დაპირისპირებს წინ უძღოდა ლევან ხაბეიშვილის სატელევიზიო გამოსვლა, რომლის დროსაც მან მთელ უმრავლესობას იდიოტები და არაკაცები უწოდა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი – თავში; ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს.
ინციდენტის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ფაქტია, ბევრი არიან და მათი სტილი ხომ არის ლაჩრობა, ზურგიდან მოპარვა. ერთ ადამიანს, ფაქტობრივად, რამდენიმე „ქოცი“, სვავი პირდაპირი მნიშვნელობით, დამესია. მინდა ვუთხრა მათაც და საზოგადოებასაც, უკაცრავად, მაგრამ ვინმეს თუ ჰგონია, ჩემი თვალი ან შუბლი არის პრობლემა, ძალიან სცდება. მე ჩემი ცხოვრება მაქვს გადადებული, ჩემი ოჯახი, ჩემი დედა, მშობლები, შვილები, გადადებული მაქვს მთელი ჩემი ცხოვრება ბიძინა ივანიშვილთან, კალაძესთან და ამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. ერთი – ერთზე ვერ მერევიან, ეგეთი მაგარი ბიჭები ვერ არიან, ათნი მერევიან. უნდა იცოდეს ხალხმა, რატომ დამარტყეს თვალზე, რატომ შემდგნენ წიხლებით, რა იყო მათი მიზანი – როგორ დავიცავი, როგორ გავბედე და ვთქვი ერთ-ერთ ტელევიზიაში, რომ დამლაგებლებს 8 ლარი აქვს ანაზღაურება, დღეში 3 დოლარი და მონებად ამუშავებენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ყველა უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ერთმანეთს არც პიროვნული და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მივაყენოთ“, – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ლევან ხაბეიშვილმა თქვა სრულიად არასწორი რაღაცა, თითქოს დამლაგებლების ხელფასის მომატება შეგვიძლია ჩვენ და არ ვუმატებთ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას რა სახელფასო განაკვეთები ექნება შიგნით, ჩვენ ეს როგორ უნდა გავაკონტროლოთ, არ ვიცი. ამას მოაყოლა მერე, რომ უმრავლესობის ყველა წევრი არის იდიოტი, არაკაცი და უნამუსო თუ რაღაც ესეთი, ფარჩაკი. ამაზე დღეს მიუბრუნდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა და უთხრა, რომ უნამუსო და ფარჩაკი თუ ვინმეა ამ საკრებულოში, პირველ რიგში, ეს თვითონ იყო. ამას მოჰყვა მერე შეხლა-შემოხლა და ჩხუბი. ეს ძალადობა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და სასურველი არავისთვის არ არის. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ საკრებულო უნდა იყოს მუშტი-კრივისა და დედის გინების ადგილი. უბრალოდ, დედის გინება დაიწყო ერთმა მხარემ და მეორე მხარისგან მოჰყვა მუშტი-კრივი, აი ამაშია საქმე. არც დედის გინების ადგილი უნდა იყოს, არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფის. ორი წელია, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, რომ ეს გამოიწვიოს და ვიღაცამ სცემოს, სამწუხაროდ, მიაღწია ამ მიზანს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
კომენტარები