საზოგადოებასაქართველო

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

კალაძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში გამოკვეთილი იქნება ორი ძირითადი მიმართულება – ინფრასტრუქტურული პროექტების და სოციალური, ჯანდაცვის მიმართულება.

მისივე განმარტებით, მერია მარტიდან გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თითოეული პაციენტისთვის მკურნალობისთვის წლიურად საჭიროა 24 000 ლარი;  სოციალურად დაუცველები 100 პროცენტით დაფინანსდებიან, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ მედიკამენტები 80 პროცენტით დაუფინანსდებათ.

„მოგეხსენებათ, გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა და მის მკურნალობას სჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევა. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – ჩვენ ადამიანებს არასდროს დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის გვერდით დავუდგებით. თითოეული პაციენტისთვის წლიურად საჭიროა 24 000 ლარი. სოციალურად დაუცველები 100 პროცენტით დაფინანსდებიან, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ 80 პროცენტით დაუფინანსდებათ მედიკამენტები. ადრეულ სტადიაზე აღნიშნული დაავადების მკურნალობა ნიშნავს სრულფასოვან ცხოვრებას, საზოგადოებისგან მოწყვეტისა და შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რათა ისინი დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ საქმიანობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველთვის გვერდში დავუდგებით ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერმა სხდომაზე კიდევ ერთ სოციალურ პროგრამაზე ისაუბრა.

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს. მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად წლის ბოლომდე ჩაერთვება.

„გასულ წელს დაფინანსება 1000 ბავშვისთვის იყო გამოყოფილი, წელს მათი რიცხვი 1230-მდე გაიზრდება. შარშან ჩვენ გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-იდან 18 წლამდე და ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს. პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ერთი ბავშვის დასაფინანსებლად გამოყოფილია 400 ლარი. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უტარდებათ. სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close