მსოფლიოში სიდიდით მეორე, 1758-კარატიანი დაუმუშავებელი ალმასი გაიყიდა
LOUIS VUITTON-მა მსოფლიოში სიდიდით მეორე, 1758-კარატიანი (წონა 352 გ) დაუმუშავებელი ალმასი იყიდა.
გარიგების თანხა არ საჯაროვდება, თუმცა როგორც ანტვერპენის ალმასის ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი მარსელ პრუვერი ვარაუდობს, ძვირფასი ქვა მინიმუმ 50 მილიონი დოლარი ღირს.
“The New York Times“-ი Louis Vuitton-ის პრეზიდენტ მაიკლ ბერკის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ Louis Vuitton-ი ალმასისგან ბრილიანტების ნაკეთობას არ გააკეთებს, სანამ მყიდველი არ გამოჩნდება.
წინასწარი ინფორმაციით, ალმასისგან შესაძლებელია დამზადდეს 904- და 891-კარატიანი დამუშავებული ბრილიანტი ან 100-იდან 300 კარატამდე რამდენიმე ნაკეთობა.
1758-კარატიანი ალმასი 2019 წელს ბოტსვანაში სამთომომპოვებელმა კომპანია Lucara Diamond-მა იპოვა. მას „სეველო“ (Sewelo) უწოდეს, რაც „იშვიათ აღმოჩენას“ ნიშნავს.
ცნობისთვის, ალმასი დღემდე ნაპოვნ ალმასებს შორის მხოლოდ ერთს ჩამოუვარდება თავისი მასით – მსოფლიო რეკორდსმენ „ქალინანს“ (Cullinan). „ქალინანი“, რომლის მასაც 3106,75 კარატი იყო, 1905 წელს იპოვეს. ის დიდი ბრიტანეთის მეფეს, ედუარდ VII-ს აჩუქეს. ცნობილმა ნიდერლანდელმა იუველირმა იოსეფ აშერმა ალმასი დიდ და 96 პატარა ნაწილად დაყო და დაამუშავა.
მიღებულ ბრილიანტთაგან ყველზე ცნობილები, „აფრიკის დიდი ვარსკვლავი“ (547,67 კარატი) და „აფრიკის ვარსკვლავი II“ (317,4 კარატი) ბრიტანეთის სამეფო სკიპტრას და სამეფო გვირგვინს ამშვენებენ, დანარჩენები კი ლონდონის ტაუერშია გამოფენილი სხვა სამეფო ბრილიანტებთან ერთად.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები