საზოგადოებასაქართველოსპორტი
ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ისტორია ოქროს მედლებით დაწერეს (ვიდეო)
ლოზანაში (შვეიცარია) მიმდინარე ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 15 იანვარს გათამაშდა მედლების ბოლო კომპლექტი ფიგურულ ციგურაობაში. ამჯერად ოლიმპიური მედლებისთვის ე. წ. შერეული ინტერნაციონალური გუნდები იბრძოდნენ. თითოეული გუნდი მოცეკვავე და სპორტული წყვილების, გოგონათა და ვაჟთა ერთეულთა თანრიგის მოციგურავეებისგან შედგებოდა.
სწორედ ამ დისციპლინაში გაიმარჯვა გუნდმა (Team Courage), რომლის შემაგენლობაშიც შედიოდა ალინა ბუტაევა-ლუკა ბერულავას ქართული წყვილი. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედლები მოიპოვეს ესტონეთის, რუსეთის და იაპონიის სპორტსმენებმა. ესტონეთი ვაჟთა ერთეულებში იყო წარმოდგენილი, რუსეთი – გოგონათა ერთეულებში, იაპონია – ცეკვებში, საქართველო კი – წყვილებში.
ამ დისციპლინაში სულ 8 გუნდი გამოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ ბერულავა-ბუტაევას წყვილმა საქართველოს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი წარმატება შეჯიბრის მესამე დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვებით მოუტანა.
ვიდეოს სანახავად გადადით ამ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=W1x_3sYtlEs
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
კომენტარები