მსოფლიოტექნოლოგიები

2020 წლის ტექნოლოგიები – მფრინავი მანქანები, ვირტუალური რეალობა მაღაზიებში, დიაგნოსტიკური აპარატურა მობილურ ტელეფონში…

ტექნოლოგიების მოყვარულებს წინ საინტერესო წელი აქვთ. რუბრიკაში „გალილეო“ 2020 წელს მოსალოდნელ რამდენიმე სიახლეზე ვისაუბრებთ, რომელზეც დარგის ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას. ზოგჯერ მათი პროგნოზი უფრო კონცეპტუალურია, ვიდრე ფაქტობრივი, მაგრამ მაინც – ძალიან საინტერესო.
კომერციული გაფრენა მთვარეზე

მართალია, 2020 წელს შეიძლება არ მოესწროს პირველი კომერციული გაფრენა მთვარეზე, მაგრამ სპეციალისტების აზრით, მთავარი ფუნდამენტი წელს უკვე ჩაიყრება. ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლებში, შემდეგი ეტაპი იქნება ასტეროიდებზე ტურისტული ფრენების მოწყობა. კოსმოსში კომერციული გაფრენის დაწყების საქმეში ერთმანეთს კონკურენციას რამდენიმე ქვეყანა გაუწევს. წამყვანი კონკურენტები ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია და ინდოეთი იქნებიან.

რამდენიმე კერძო კომპანია უკვე ბილეთის ფასზე საუბრობს. წინასწარი მონაცემებით, ამ ახალი ტიპის ტურიზმს მხოლოდ მილიონერების ჯიბე თუ გასწვდება. საუბარია მთვარეზე გაფრენის სამ ტიპზე: ფრენა დედამიწიდან მთვარის ორბიტამდე; შემოფრენა მთვარის ირგვლივ და ფრენა მთვარეზე გადმოსხმით.

კომპანია „სპეისექსში“ პირველი კომერციული რაკეტის მთვარეზე გაშვებას 2023 წლისთვის გეგმავენ. ელონ მასკის კომპანიაში ფიქრობენ, რომ მთვარეზე პირველი ტური მათ 5-იდან 10 მილიარდამდე დაუჯდებათ.

5G ტექნოლოგია

სპეციალისტების აღიარებით, მთავარი სიახლე 5G ტექნოლოგია იქნება, რომლის შემოსვლაც წელს დაიწყება. 5G, ზოგადად, ტექნოლოგიების განვითარებაში, მათ შორის, მობილურ ტელეფონებში, რევოლუციურ ცვლილებებს გამოიწვევს. გვპირდებიან, რომ ინტერნეტი 100-ჯერ უფრო სწრაფი გახდება, მაგრამ ცუდია, რომ 5G ტექნოლოგია მობილურ ტელეფონებს მოსალოდნელ გაიაფებამდე ჯერ საგრძნობლად გააძვირებს.

ახალი თაობის მობილური ტელეფონები დანამდვილებით უფრო თხელი იქნება, ვიდრე ის, რაც დღეს ხელში გვიჭირავს. ზოგიერთი მოდელი გაცილებით დიდიც იქნება, ზომით დაახლოებით „აიპედს“ და ბოლო დიდ „აიფონს“ შორის.

კიდევ უფრო გაუმჯობესდება აპლიკაციების სიჩქარე და მობილურობა. შემოვა უნივერსალური ლექსიკონები, რაც ჩვენს საუბარს სინქრონშივე გადათარგმნის. მობილური ტელეფონის კამერაც გაცილებით სტაბილური გახდება.

მფრინავი მანქანების ახალი მოდელები

მფრინავი ობიექტები, მათ შორის, მანქანები და ჰიპერლუპები სიახლე აღარ არის, მაგრამ 2020 წლისთვის ელიან, რომ მათი ახალი, კიდევ უფრო დახვეწილი პროტოტიპები გამოჩნდება. არ არის გამორიცხული, ყველაზე წარმატებული მოდელების სერიულ წარმოებაში ჩაშვების მიზნით ტექნოლოგიური საფუძველიც მომზადდეს.

აქაც არის ერთი „მაგრამ“: მფრინავი მანქანების სერიული წარმოება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ საჰაერო ნავიგაციის ახალი რეგულაციები მომზადდება. იმის გათვალისწინებით, რომ რეგულაციები ჯერ დრონებისთვისაც (უპილოტო საფრენი ობიექტები) არ არის ყველგან მიღებული, ან სადაც არის, იქაც დიდი დავის და განხილვის საგანია, 2020 წელს მფრინავი მანქანების სერიული გამოშვება არ დაიწყება.

ვირტუალური რეალობ მაღაზიებში

„იკეა“ უკვე გვთავაზობს შევამოწმოთ, თუ რამდენად მოერგება და მოუხდება ესა თუ ის ავეჯი ან ნივთი ჩვენს ოთახს. ერთეული ონლაინ-მაღაზიები იმავე პრინციპით ტანსაცმლის შერჩევა-მორგებასაც გვთავაზობენ.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ წელს ეს მიმართულება გაცილებით გაიზრდება. ყიდვის პროცესი უფრო სწრაფი, ეფექტური, კლიენტზე მორგებული იქნება, რაც როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს თანხებს საგრძნობლად დაუზოგავს.

მოელიან, რომ მოდის ინდუსტრიაში კიდევ უფრო შემცირდება ბრენდების და ძვირფასი ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის წილი. 21-ე საუკუნის ახალგაზრდებს პრაქტიკული და გამოსაყენებელი ნივთები უფრო აინტერესებთ, ვიდრე სახელი იარლიყზე და მაღალი მოდა.

რობოტების ბაზა მთვარეზე

ბაზას, რომლის აშენებასაც იაპონია მთვარეზე გეგმავს, რობოტები ააგებენ და ის ისევ ჰუმანოიდი რობოტებისთვის იქნება განკუთვნილი. რამდენიმე წლის წინ გაკეთებული შეფასებებით, ამბიციური გეგმა იაპონიის კოსმოსურ სააგენტოს პირველ ეტაპზე 2.2 მილიარდი დოლარი უნდა დასჯდომოდა, მაგრამ ახლა ვარაუდობენ, რომ ეს თანხა, სულ ცოტა, 10 მილიარდამდე გაიზრდება. პროექტს საფუძველი წელს ჩაეყრება.

ტრანს-აზია-ევროპის დერეფანი

ჩინეთს სწრაფი სარკინიგზო ხაზით დასავლეთთან დაკავშირება სურს. პეკინი აპირებს დააფინანსოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 17 ქვეყანას გააერთიანებს და მას ტრანს-აზია-ევროპის დერეფანს დაარქმევს. პრაქტიკულად, ეს იქნება ერთგვარი ხიდი ორ სამყაროს შორის – მატარებელი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის.

ფინანსურად ჩინეთს ამის გაკეთება არ გაუჭირდება, ეს არ არის ბარიერი პროექტის რეალიზაციისთვის. პრობლემა სხვა რამ შეიძლება გახდეს: ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუ როგორ მოხერხდება მგზავრებისთვის, სულ ცოტა, 16 საზღვრის უმტკივნეულოდ გადაკვეთის ორგანიზება.

რობოტებირობოტებირობოტები

ლას-ვეგასში 6 იანვარს გაიხსნა და 10 იანვრამდე გასტანს ყოველწლიური სამომხმარებლო ტექნოლოგიების გამოფენა, რომელიც 280 000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. უამრავ სიახლეს შორისაა ტელევიზორი, რომელიც გაცილებით მობილურია, ვერტიკალურად ტრიალებს და მაყურებელი მას სასურველ პოზიციაში აფიქსირებს.

დამთვალიერებლებს ძალიან მოსწონთ „სმარტი“ ნაგვის ურნა. დაპროგრამების შემდეგ მას თვითონ გააქვს ნაგავი სახლიდან, გადაყრის, შემდეგ ბრუნდება და თავადვე ამოიფენს ახალ პოლიეთილენის პარკს.

გერმანულმა მწარმოებელმა „ბოშმა“ მსუბუქი ავტომობილებისთვის და სატვირთო მანქანებისთვის საქარე მინის ახალი ვერსია, „ვირტუალური ვიზორი“ წარმოადგინა. ის სახის ამოცნობის ტექნოლოგიას იყენებს და ერთგვარი ვირტუალური სათვალით, ავტომატურად უჩრდილავს მძღოლს თვალების ნაწილს, როცა მას მზე მიადგება.

უამრავი სიახლის მიუხედავად ყველა აღიარებს, რომ ლას-ვეგასის გამოფენაზე წელს რობოტები დომინირებენ. იმის გათვალისწინებით, რომ მთელ მსოფლიოში წარმატებით იყიდება მტვერსასრუტი რობოტები, მწარმოებლები გვთავაზობენ მოსამსახურე რობოტების უფრო მრავალფეროვან და ხელმისაწვდომ ვერსიებს. ისინი გაგვიმზადებენ და მოგვართმევენ ჩაის, აგვირჩევენ და მოგვიტანენ წიგნს, სათვალეს ან ნებისმიერ ნივთს, მაგალითა, ტუალეტის ქაღალდს.

აბაზანაში „კოჰლერი“ ამონტაჟებს „სმარტ“ შხაპს სპიკერით, რომელიც „ალექსას“ უკავშირდება. აბაზანისთვისაა, ასევე, ფრანგული კომპანია „მატეოს“ მიერ გამოშვებული ხალიჩა, რომელიც ჩვენს წონას, პოზას და გაბარიტებს გააკონტროლებს.

ავტონომიურიუპილოტო მანქანები

მას შემდეგ, რაც 5G ტექნოლოგია შემოვა, ძალიან სწრაფად დამკვიდრდება ავტონომიურად მავალი, უპილოტო მანქანები. შეიძლება ეს ჩვენ ჯერ კიდევ არარეალურად გვეჩვენებოდეს, მაგრამ თუ ნახავთ სენსორებს, რომლებსაც უკვე ამზადებენ ტექნოლოგიური კომპანიები, მიხვდებით, რომ ეს არცთუ ისე შორეული მომავლის ამბებია.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა ისრაელის და ბრიტანეთის ერთობლივი ფირმა „ვალერანი“. ის საცდელ გზებზე სენსორებს აყენებს, რომელიც სხვა მაჩვენებლებთან ერთად აფიქსირებს ამინდის ცვალებადობას, თუ გზაზე საცობებების დინამიკას. სენსორები აინთება მაშინაც, თუკი გზის პირზე მანქანაა გაჩერებული, ან წყალია გაყინული და უკან მომავალ მანქანებს ხილული თუ უხილავი ბარიერის შემოვლით გაატარებს.

დიაგნოსტიკური აპარატურა მობილურ ტელეფონში

უკვე არსებობს მობილური აპლიკაციები, რომლებიც ზომავს ჟანგბადის დონეს, სისხლის წნევას, გულისცემას, აფიქსირებს სტრესის დონეს. ანალიზი სულ რამდენიმე წამში კეთდება და მობილური ტელეფონის ეკრანზე ჩნდება. ვარაუდობენ, რომ ამ აპლიკაციებსაც 2020-ში შემოგვთავაზებენ.

ტელევიზორში არხების უპულტოდ, ფიქრით შეცვლა

რა ხანია, გამოიგონეს თავის ტვინის ე. წ. ინტერფეისები, რომლებიც გონებრივ აქტივობას და ელექტროიმპულსებს სენსორებით აფიქსირებს და ზომავს. ფრანგულმა კომპანიამ „ნექსთმაინდმა“ შექმნა კეპი, რომელზეც (კეფაზე, შესაკრავთან) დამაგრებულია მცირე ზომის, მაჯის საათზე ოდნავ დიდი, მრგვალი აპარატი.

კეპის თავზე დახურვის შემდეგ ადამიანს შეუძლია არხები ან თამაშები ვირტუალურად, მხოლოდ ფიქრით შეარჩიოს და გამოცვალოს. კომპანია უკვე მუშაობს არა მარტო ტელევიზორების და ვიდეოთამაშების მწარმოებლებთან, არამედ ავტომობილების მწარმოებლებთანაც. შესაძლოა წლის ბოლოს ბაზარზე პირველი მანქანებიც გამოჩნდეს, რომლებშიც გათბობის, კონდიცირების ან მუსიკის შეცვლას დისტანციურად, მხოლოდ გონების დაძაბვით შევძლებთ.

მაია ქვარცხავა

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close