საპროტესტო აქციის მონაწილეები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რჩებიან
სოხუმის ცენტრში ისევ შეიკრიბნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ სოხუმიდან სააგენტო ТАСС-ის კორესპონდენტი იუწყება.
„ტასსის“ კორესპონდენტს აქციის ორგანიზატორებმა უთხრეს, რომ „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ რჩება შენობაში 9 იანვარს შეჭრილი 300-მდე ადამიანი. 10 იანვარს, დილის 10 საათისთვის შენობის წინ მდებარე მოედანზეც დაახლოებით ამდენივე ადამიანი იმყოფებოდა.
სოხუმში, სადაც 9 იანვარს ე. წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგია განიხილავდა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაუქმების შესახებ, დღისით ოპოზიციური პარტიების – „ამცახარას“ და „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაიწყო.
მოგვიანებით სოხუმის ცენტრში შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. შენობაში შეჭრილებს კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს. ავიძბა უკრაინაში დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. ახრა ავიძბა 2019 წლის ნოემბერში სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“, ალხას ავიძბას ბიძაშვილია. ალხას ავიძბასთან ერთად კიდევ ერთი კანონიერი ქურდი, ასტამურ შამბა მოკლეს.
სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს, ღამით რაულ ხაჯიმბას მიმართა, თანამდებობიდან გადადგეს დესტაბილიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. საპასუხოდ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ კანდიდატს ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა. 9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ კვიცინიამ სასამართლოში იჩივლა.
9 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის აცილების შესახებ და საქმის განხილვა გაურკვეველი დროით გადადო.
წყარო: radiotavisupleba.ge
კომენტარები