fbpx
ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

ISTAT-ის ახალი ანგარიში: იტალია – ხანდაზმულთა ქვეყანა

მარტოხელა ადამიანების რიცხვი იზრდება, ახალშობილების კი – იკლებს. იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (ISTAT) წლიური ანგარიშის ერთადერთი დადებითი მომენტი ხელფასების ზრდაა.

2018 წელს იტალიაში შრომის ანაზღაურება მცირედით გაიზარდა – პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამას აღნიშნავს იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში: „შენელების ფაზის შემდეგ, რომელიც 9 წელი გრძელდებოდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა საათობრივმა შრომის ანაზღაურებამ იტალიაში ისევ დაიწყო ზრდა (+ 1,5%). ეს ცვლილება წლის განმავლობაში მომხდარმა ეკონომიკურმა გაუმჯობესებამ განაპირობა. ამ ზრდაში ყველაზე დიდი წილი აქვს თითქმის ყველა სახელმწიფო მოსამსახურის ხელფასის ზრდას (+ 2,6%), რაც მოსალოდნელი იყო 2010 წელს დაწესებული ბლოკირების მოხსნის შემდეგ“.

დემოგრაფიის მხრივ კი ქვეყანას მართლაც ცუდად აქვს საქმე: ბოლო 20 წლის განმავლობაში (1997-1998 წლებიდან) 10%-ზე მეტით გაიზარდა მარტოხელა ადამიანების რაოდენობა და 2018 წლის მაჩვენებლით ქვეყნის მოსახლეობის 33% შეადგინა. რამდენადმე შემცირდა განქორწინებების და ქორწინებების რიცხვიც.

შემცირდა ახალშობილთა რიცხვი და 2018 წლის ბოლოსთვის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია – 2017 წელს ახალშობილთა რაოდენობა იყო 458 151, 2018 წელს კი – 18 500-ით ნაკლები (439 747) – „ახალი ისტორიული მინიმუმი იტალიის გაერთიანების შემდეგ“.

ინსტიტუტი ხაზს უსვამს, რომ გარდაცვალების რიცხვიც შემცირდა (633 133 ადამიანი 2018 წელს) და სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა დაბადების მომენტისთვის ისევ იწყებს ზრდას  – 2018 წლის მონაცემებით, „მამაკაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80,8 წელს აღწევს, ქალების შემთხვევაში – 85,2 წელს“.

ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ იტალიის მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმულია მსოფლიოში – ქვეყანაში 15 წელზე ნაკლები ასაკის ყოველ 100 მცხოვრებზე 65 წლის და მეტი ასაკის 173,1 ადამიანი მოდის (2019 წლის 1-ლი იანვრის მაჩვენებელი).

შეშფოთებას იწვევს საპატიმროებში პატიმართა ჭარბი რაოდენობაც – „2018 წლის ბოლოსთვის ზრდასრულებისთვის განკუთვნილ პენიტენციარულ დაწესებულებებში  59 655 პატიმარი იყო, რაც 2017 წელთან შედარებით 3,6%-ით მეტია. 2018 წლის ბოლოსთვის საპატიმროების დატვირთვის ინდექი 117,9-მდე, 2019 წლის 30 ივნისისთვის კი 119,9-მდე გაიზარდა“.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close