მედიცინამსოფლიო

ჩინეთში დააკავეს მეცნიერი, რომლის ექსპერიმენტის შედეგადაც გენმოდიფიცირებული ბავშვები დაიბადნენ

არალეგალური სამედიცინო საქმიანობისთვის ჩინეთის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მეცნიერს, რომელმაც შარშან ადამიანის ემბრიონში გენების მოდიფიცირება შეძლო.

ჰე ძიანკუიმ შარშან სამეცნიერო საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც განაცხადა, რომ დაიბადა ტყუპი გოგონა, რომელთა გენებიც მან ისე შეცვალა, რომ მიეცათ იმუნიტეტი აივ-ინფექციის წინააღმდეგ. სასამართლომ მეცნიერს ჯარიმის სახით სამი მილიონი იუანის (430 000$) გადახდაც დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილების თამახმად, ამ სამეულს სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნდა და, ამავე დროს, მათ დაარღვიეს ჩინეთის რეგულაციები და ეთიკური პრინციპები.

როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ისინი მოქმედებდნენ პირადი პოპულარობისა და შემოსავლის მოსახვეჭად, ამავე დროს, სერიოზულად დაარღვიეს სამედიცინო წესრიგი.

მკვლევრებმა გააყალბეს ეთიკური მიმოხილვები და გენების რედაქტირების ექსპერიმენტებისთვის შეაგროვეს წყვილები, რომლებშიც ქმარი აივ-დადებითი იყო.

გენების რედაქტირების შედეგად ორსულად ორი ქალი დარჩა, დაიბადა ტყუპი გოგონა და კიდევ ერთი ჩვილი, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე ცნობილი არ იყო.

2018 წლის ნოემბერში ძიანკუიმ მსოფლიოს ამცნო პირველი გენმოდიფიცირებული ბავშვების, ტყუპების დაბადების შესახებ. როგორც იგი იუწყებოდა, ბავშვები იმ მომენტიდან ერთი თვის შემდეგ დაიბადნენ, რაც მან CRISPR-ის მეთოდით მათი დნმ-იდან წაშალა გარკვეული გენები, რის შედეგადაც, ისინი აივ-ინფექციით ვეღარ დაინფიცირდებოდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ მან, როგორც შენჟენის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამხრეთის უნივერსიტეტის ყოფილმა ასოცირებულმა პროფესორმა, ჰონკონგში გამართულ ბიოსამედიცინო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამაყი იყო მის მირ შესრულებული გენების რედაქტირებით.

პენსილვანიის უნივერსიტეტის გენეტიკის პროფესორი კირან მუსუნურუ აცხადებდა, რომ ეს ტექნოლოგია უსაფრთხო არ არის; როგორც იგი განმარტავდა, CRISPR-ის მოლეკულური „მაკრატელი“ ხშირად ჭრიდა სამიზნე გენის მეზობელ გენებსაც, რაც მოულოდნელ მუტაციებს განაპირობებს.

მისივე თქმით, ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია, თუ შედეგები არ განაღვლებს.

მსოფლიოს აღშფოთების შემდეგ ჩინელი მეცნიერის წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მთავრობამ მას სამეცნიერო საქმიანობის უფლება შეუჩერ. იგი უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს.

რეპროდუქციული მიზნით გენების რედაქტირება მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში აკრძალულია. ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების თანახმად, ადამიანის ემბრიონში გენების რედაქტირება აკრძალულია, მაგრამ პროცედურა ნებადართულია მხოლოდ არარეპროდუქციული მიზნებისთვის.

მეცნიერთა განცხადებით, ჰე ძიანკუის მიზანი, რომ გენების რედაქტირების შედეგად ტყუპებს აივ-ინფექციის წინააღმდეგ იმუნიტეტი ჰქონოდათ, შეიძლება კრახით დასრულდა და წარმოიქმნა არასასურველი მუტაციები.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა მიზანში სწორი გენი ამოიღო, არ მოახდინეს „დელტა 32-ის“ აუცილებელი ვარიაციის რეპლიკაცია, სამაგიეროდ, შექმნეს სრულიად ახალი რედაქტირებები, რომელთა ეფექტებიც უცნობია.

2015 წელს გაეროს ბიოეთიკის კომიტეტმა ადამიანის ემბრიონის გენების რედაქტირების შეჩერება მოითხოვა; კომიტეტი შიშობდა, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანის რასის მოდიფიცირებისთვის.

ერთი წლის შემდეგ ბრიტანეთმა მეცნიერებს ემბრიონის დნმ-ის რედაქტირების უფლება მისცა კვლევაში, რომელიც უნაყოფობისა და ნაადრევი მშობიარობის მიზეზებს სწავლობდა.

2017 წელს აშშ-ის პრეზიდენტის მეცნიერების მრჩეველთა კომიტეტმა განაცხადა, რომ ასეთი მოდიფიცირებები მომავალში ნებადართული უნდა იყოს დაავადებათა განადგურებისთვის.

2019 წლის ნოემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შექმნის გლობალურ რეესტრს, რომლითაც თვალყურს მიადევნებს ადამიანის გენეტიკურ მანიპულაციებს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close