fbpx
საზოგადოებასაქართველო

42 წელი ერისა და ბერის სამსახურში – დღეს საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების დღეა

უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა.

„ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემ თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებისას.

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ უწოდეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია.

1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის,  მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და, ამავდროულად, ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მოსამზადებლად იღვწოდა.

1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმადრიტი ილია შემოქმედელ ეპისკოპოსად აკურთხა და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დანიშნა.

1967 წელს, აჭარაში შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს, 1969 წელს კი მიტროპოლიტის ხარისხი მიენიჭა. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაყო.

1972 წელს ილიამ ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების, ხოლო 1975 წელს – სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლება. 1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი განიხილა. კრებაზე მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.*

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

1990 წელს უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

* „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ილია I (ელია) მცხეთის (ქართლის) მთავარეპისკოპოსი იყო დაახ. IV ს-ის 90-იანი წლებიდან V ს-ის დასაწყისამდე: „და მოკუდა ეპისკოპოსი იაკობ, და დასუა მის წილ ელია“, – წერს „ქართლის ცხოვრების“ მემატიანე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close