fbpx
კრიმინალისაქართველო

რატომ გაუსწორდნენ ცოტნე გამსახურდიას? – მოწმის ჩვენება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, გამსახურდიასა და საქმეში ფიგურანტ პირებს შორის დაპირისპირება ღვინის გამო დაიწყო.

საინფორმაციო სააგნეტო „ინტერპრესნსიუსი“ აქვეყნებს ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცელობის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის, მ. ხ.-ს ჩვენებას, რომლის მიხედვითაც გამსახურდია და საქმეში ფიგურანტი პირები ერთ სუფრაზე მოხვდნენ, პირველი პრეზიდენტის შვილმა მათ „კარგი ღვინის მიტანა“ შესთავაზა, თუმცა ღვინო სუფრის წევრებს არ მოეწონათ, რამაც ცოტნე გამსახურდია გაანაწყენა.

„ინტერპრესნიუსის“ თანახმად, მ. ხ.-ს მომხდარის შესახებ უამბო კ. ჩ.-მა, რომლსაც იგი ბავშვობიდან იცნობს. ნაამბობის მიხედვით, ყავარჯნები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იქნა ნაპოვნი, ეკუთვნოდა ტ. ღ.-ს, ხოლო დანა, რომლითაც სხეულის უმძიმე დაზიანებები მიაყენეს ცოტნე გამსახურდიას – გ. ს.-ს.

„ინტერპრესნიუსი“ პოლიციის მიერ დაკავებული პირების ვინაობასაც ასახელებს:

„ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირი – გიორგი სოლოღაშვილი (ქვათაძე) და ტატო ღარიბაშვილია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი დაკავებულია 3 პირი: კახა ჩხეტიანი, პეტრე ყუფარაძე, თორნიკე ქვათაძე“.

რაც შეეხება მ. ხ.-ს ჩვენებას: 19 დეკემბერს ყოფილა კახა ჩხეტიანის გარდაცვლილი ძმის, ბადრის დაბადების დღე, რის გამოც კახას და მის ერთ-ერთ მეზობელს საფლავზე დაუნთიათ სანთლები და მალევე უკან, უბანში დაბრუნებულან. გზად შეუძენიათ სამწვადე, რათა გარდაცვლილის სული ეხსენებინათ.

„დამსხდარან ცოტნე გამსახურდიას სახლის ანუ კოლხური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც უბნელები იკრიბებიან თურმე. სუფრის დროს დაურეკავთ ძმებ ქვათაძეებს კახასთვის და უკითხავთ, თუ სად იყო, რაზედაც კახას უთქვამს, რომ სასაფლაოზე სანთლები დაენთოთ და ჩასულიყვნენ იქ, სადაც ქეიფს აპირებდნენ. ამასობაში კახასთან მისულან სხვა უბნელებიც. ერთ-ერთ მეზობელს, ვანო კორინთელს უნდა მიეტანა სუფრაზე ღვინო. ამ დროს იქ უკვე მისულან ძმები ქვათაძეები და მათი მეგობარი ტატო ღარიბაშვილი, რომელიც ფეხებზე ოპერაციების გამო იმყოფებოდა თურმე კასტილებით. ვანო კორინთელის მოსვლამდე მისულა ცოტნე გამსახურდია, რომელსაც თავის მხრივ შეუთავაზებია კახასთვის კარგი ღვინის მიტანა. კახას მიუცია ჭურჭელი და ცოტნესაც მოუტანია ღვინო, რომელიც, როგორც კახამ თქვა, არც ერთ სუფრაზე მყოფს არ მოწონებია. ამის გამო დაუწყიათ ვანო კორინთელის მიერ მოტანილი ღვინის დალევა, რაზედაც განაწყენებულა ცოტნე, დამჯდარა ცალკე, სუფრისგან მოუთხოვია მის მიერ მიტანილი ღვინო და დაუწყია დალევა ცალკე მიუხედავად იმისა, რომ ყველა სუფრაზე მჯდომს უთხოვია სუფრასთან მისვლა.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ყველა ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფილა, ერთ-ერთ სუფრაზე მჯდომ აზერბაიჯანელ პირს უთქვამს ძმები ქვათაძეებისთვის, რომ აღნიშნული სუფრიდან ეპატიჟებოდა მის სახლში, ვინაიდან გარკვეული სიმპათიები გამოუხატავს ახალგაზრდების მიმართ. აღნიშნულზე ცოტნეს ირონიულად უთქვამს, წამოდით, მეც გამოგყვებით, გაგაცილებთო, რაზედაც გიორგი ქვათაძეს გაცილებისთვის ცოტნესთვის გადაუხდია მადლობა და უთქვამს, რომ არსად წასვლას არ აპირებდა, ვინაიდან ბიძასთან ერთად იხსენებდა გარდაცვლილ ბიძას. ამის შემდეგ ცოტნე ამდგარა და წასულა, რაზედაც ყველა სუფრაზე მჯდომს შვებით ამოუსუნთქავს, ვინაიდან მთელი სუფრა ცოტნეს უხეში და უზრდელი ქცევებით და საქციელებით ყოფილა დაძაბული. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ქეიფს მორჩენილან და გარეთ გამოსულან უბანში, ამ დროს ცოტნეც გამოსულა სახლიდან და გიორგი ქვათაძისთვის უთქვამს ხალხში, არასწორი ბიჭი ხარო, რაზედაც კახას და იქ მყოფებს უთხოვიათ როგორც გიორგისთვის, ისე ცოტნესთვის, რომ დაწყნარებულიყვნენ და არაფრის გამო არ გადაეზარდათ სიტუაცია ჩხუბში, გიორგის კი უთხოვია კახასთვის, რომ მხოლოდ კითხვას დაუსვამდა ცოტნეს, თუ რას უშავებდა და რომ უწოდა არასწორი, რაზედაც უცებ ცოტნეს ორჯერ ზედიზედ ხელი დაურტყამს გიორგისთვის თავისა და სახის არეში, თან შეუგინებია დედის მისამართით. ამ დროს ცოტნესთან ახლოს მდგარა ტატო ღარიბაშვილი, რომელსაც მეგობრის ცემის დანახვაზე ცოტნესთვის თავში ჩაურტამს თანნაქონი ყავარჯნები, რაზედაც გამართულა ხელჩართული ჩხუბი და ამ ჩხუბის დროს, როგორც კახამ მითხრა, დავინახე, რომ გიორგი ზემოდან ქვემოთ იქნევდა ხელებს ცოტნეს სახისკენ და თავისკენო, მაგრამ, ვერ დავინახე, თუ რა ეჭირა ხელშიო.

ერთ მომენტში გიორგი გვერდით გაუთრევია ძმას თორნიკეს, ხოლო დანარჩენებმა გავაშველეთ ტატო და ცოტნეო, შემდეგ რამდენიმე მეტრის გავლისას ისევ ტატოსა და ცოტნეს შორის დაწყებულა ჩხუბი, რა დროსაც ორივე მათგანი წაქცეულა. შემდეგ ტატო ამდგარა ფეხზე და ყველა ერთად ანუ კახა, გიორგი და თორნიკე ქვათაძეები და ტატო ღარიბაშვილი გაქცეულა შემთხვევის ადგილიდან ისე, რომ ტატოს ყავარჯნები ადგილზე დარჩენია. მათ გაუჩერებიათ იქვე სადღაც ტაქსი, რითაც წასულან შემთხვევის ადგილიდან. კახას ტაქსში უნახავს, რომ სისხლიანი იყვნენ მთლიანად ყველანი, რაზედაც გაკვირვებულს გიორგისთვის უკითხავს, ბიჭო დანას ხომ არ ურტყამდი თავშიო, რაზედაც გიორგი დათანხმებულა ანუ როდესაც კახას დაუნახავს, რომ გიორგი ზემოდან ქვემოთ იქნევდა ხელს, მას ხელში ნამდვილად დანა ჭერია და ამის გამო იყო ყველა გასისხლიანებული ცოტნეს სისხლით. როგორც კი კახას დანის ხმარების ფაქტი გაუგია, შეშინებულან და წასულან დუშეთში, თუმცა არ ვიცი, ვინ წაიყვანა, რითი წავიდნენ და ვისთან მივიდნენ… აქვე მოგახსენებთ, რომ როგორც კახამ მითხრა, თორნიკე ქვათაძეს და თავად კახას ცოტნესთვის ხელი ან რაიმე საგანი არ დაურტყამთ, ისინი აშველებდნენ მათ, მხოლოდ ტატოს ჩაურტყამს ყავარჯნები და ფიზიკურად გასწორებია, ხოლო გიორგის დაურტყამს დანა“, – ჰყვება ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკითხული მ. ხ., რომლის ჩვენებასაც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი, მოწმის ჩვენების გასაჯაროებას მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი სოლოღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.

„სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი. ამოვიღე დანა და ეგრევე დავარტყი მეც“, – განაცხადა გიორგი სოლოღაშვილმა სასამართლოს სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა.

სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.

პირველი პრეზიდენტის შვილის მდგომარეობა ჩატარებული ორი ოპერაციის შემდეგ კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება.

radiotavisupleba.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close