ალცჰაიმერი – მეცნიერთა ახალი კვლევები
რაც უფრო მეტხანს ვცხოვრობთ, მით უფრო მაღალია ალცჰაიმერით დაავადების შანსი. სტატისტიკის თანახმად, დაავადების პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება 80 წლის შემდეგ, 85 წლის ასაკში კი ალცჰაიმერი ყოველ მესამეს ემართება.
ახალი მედიკამენტების გამოგონებასთან ერთად მეცნიერები და ექიმები ეძებენ მეთოდებს ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის. ექსპერტები მთელ მსოფლიოში აანალიზებენ მოსახლეობის დიდი ჯგუფების ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. რამდენიმე ხნის წინ საერთაშორისო ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალმა Frontiers in Neurology-მ გამოაქვეყნა მიმოხილვა ალცჰაიმერის დაავადებისა და დემენციის (სიბერის ჭკუასუსტობა) პროფილაქტიკის შესახებ. უდიდესი შრომა ჩაატარეს მეცნიერთა ჯგუფებმა ჩინეთიდან, აშშ-იდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან და კანადიდან. წესები, რომლებზეც მოგიყვებით, ყველას გამოადგება – ჯანმრთელსაც (პროფილაქტიკის მიზნით) და ალცჰაიმერით დაავადებულსაც (სერიოზული გართულებების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად).
უარი თქვი მოწევაზე
აღმოჩნდა, რომ დღეისთვის მსოფლიოში ალცჰაიმერის დაავადების თითქმის 4.7 მილიონი შემთხვევა, პირველ რიგში, მოწევას უკავშირდება. მარტივად თუ ვიტყვით, მავნე ტოქსინები, რომლებიც მოწევისას ორგანიზმში აღწევს, სისხლძარღვების კედლების ანთებას იწვევს, მათ შორის, თავის ტვინში. ამის გამო, მასში სწრაფად იღუპებიან ნეირონები.
„თუ მსოფლიოში მოწევის დონე 25%-ით შემცირდება, ალცჰაიმერს დაახლოებით 1 მილიონი ადამიანის გადაურჩება“, – ამბობენ მეცნიერები.
დაიკელი წონაში
„ჩვენ ვსაუბრობთ მათზე, ვისი სხეულის მასის ინდექსი (BMI – body mass index) 30-ზე მეტია“, – აზუსტებენ მეცნიერები. შეგახსენებთ: იმისათვის, რომ გამოვთვალოთ BMI, ვიღებთ ჩვენს სიმაღლეს მეტრებში, აგვყავს კვადრატში. შემდეგ კი სხეულის წონას კილოგრამებში ვყოფთ მიღებულ რიცხვზე (მაგ.: თუ ადამიანის სიმაღლეა 1,65 მ, ხოლო წონა – 105 კგ, BMI=105/(1,65*2)=105/2,7225=38,57)
„მსოფლიოში ალცჰაიმერის დაახლოებით 677 000 შემთხვევა, ძირითადად, დაკავშირებულია სწორედ ჭარბ წონასთან“, – ნათქვამია კვლევაში.
„გაირკვა, რომ ალცჰაიმერსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს – ყველაფერი, რაც გულსა და სისხლძარღვებზე მოქმედებს, ასევე ზრდის ალცჰაიმერის რისკს. ეს არის ჭარბი წონა, ჰიპერტონია და ქოლესტერინის მაღალი დონე“, – ამბობს მეცნიერების დოქტორი, პროფესორი ანატოლი იაშინი, დიუკის უნივერსიტეტის (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და დაბერების ცენტრის კვლევის დირექტორი.
შეცვალე უმოძრაო ცხოვრების წესი
ალცჰაიმერის დაავადების 4.3 მილიონზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობასთან. ამის გამო კლებულობს ტვინში სისხლის მიმოქცევა. ეს ნიშნავს, რომ მატულობს იმ საშიში ნივთიერებების დაგროვების რისკი, რომლებიც შეიძლებოდა სისხლის ნაკადს ორგანიზმიდან განედევნა.
რჩევა: კვირაში 5 დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობის მინიმუმ 30 წუთი ყოველდღიურად ოქროს სტანდარტად ითვლება, თუმცა უკეთესია ყოველდღე ვარჯიშს 40-60 წთ დაუთმოთ. ფიზიკური დატვირთვის ყველაზე უსაფრთხო სახეობაა ე. წ. კარდიოლოგიური სიარული ანუ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ისე, რომ ქოშინი არ დაგეწყოთ.
მოაწესრიგე წნევა
1.7 მილიონ პაციენტს ალცჰაიმერი უკონტროლო ჰიპერტონიის გამო დაემართა. „მაღალი წნევა ზრდის არა მხოლოდ ინფარქტისა და ინსულტის, არამედ ჭკუასუსტობის განვითარების რისკსაც“, – ხაზს უსვამენ მეცნიერები.
ცნობისთვის: თუ ადამიანი 65 წელზე ახალგაზრდაა, მაშინ მისი სისტოლური (ზედა) წნევა უნდა იყოს 120-იდან 130 მმ ვწყ. სვ.-მდე, დიასტოლური (ქვედა) კი – 70-80 მმ ვწყ. სვ.; 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ნორმალურ წნევად ითვლება ზედა – 130-140 მმ ვწყ. სვ. და ქვედა – 70-80. თუ თქვენი წნევა ამ საზღვრებს არ ემთხვევა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია და ზომების მიღება წნევის ასაკის შესაფერისად დასარეგულირებლად.
დროულად გაარკვიე, გაქვს თუ არა შაქრიანი დიაბეტი
ალცჰაიმერის დაავადების დაახლოებით 825 ათასი შემთხვევა შაქრიან დიაბეტს უკავშირდება – ამტკიცებენ კვლევის ავტორები.
„ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერთა შორის ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობაა, – აღნიშნავს ანატოლი იაშინი. – ბოლომდე არაა გარკვეული, რა წარმოადგენს მიზეზს და რა – შედეგს, მაგრამ ერთ-ერთი ჰიპოთეზა ამბობს: მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში ვითარდება ინსულინის მიუღებლობა ანუ უგრძნობელობა ინსულინის ჰორმონის მიმართ. ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ ინსულინი გავლენას არ ახდენს თავის ტვინში მიმდინარე გლუკოზის მეტაბოლიზმზე, მაგრამ ახლახან აღმოაჩინეს რთული მექანიზმები, რომელთა მუშაობის შედეგადაც ინსულინის მიუღებლობა ალცჰაიმერის განვითარების შანსს ზრდის. ამის გამო ამ დაავადებას კიდევ ერთი სახელი უწოდეს – „მე-3 ტიპის დიაბეტი“.
აითვისე ახალი უნარები
განათლების დაბალი დონე ხელს უწყობს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას მსოფლიოში 6.5 მილიონ ადამიანში, – ამტკიცებენ მეცნიერები.
„ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული შემეცნებითი (კოგნიტური) რეზერვის შექმნა. ამის მიღწევა შესაძლებელია ისეთი საქმიანობების საშუალებით, რომლებიც გამოიწვევს ნეირონებს შორის ახალი კავშირებისა და ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნას, – განმარტავს პროფესორი იაშინი. – ხოლო შემეცნებითი რეზერვის შესაქმნელად ყველაზე მძლავრი იარაღი აქამდე უცნობი უნარების და ცოდნის მიღებაა. მაგალითად, უცხო ენის შესწავლა, საგანმანათლებლო ლექციებზე დასწრება, სიბერეში კომპიუტერული უნარების დაუფლება, ცეკვის, ხატვისა და სხვა შემოქმედებითი უნარების დაუფლება: ყველაფერი, რაც გვაიძულებს დავიმახსოვროთ, შემოქმედებითად მივუდგეთ – ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნეირონებს შორის კავშირების შექმნასა და გაძლიერებას“.
სხვათა შორის, სწორედ ამ განხრით მუშაობს სპეციალური ფონდი Hilgos-ი. მისი წარმომადგენლებიც იმის მომხრენი არიან, რომ შემოქმედებითი პროცესი ალცჰაიმერის დაავადებას ამუხრუჭებს. ფონდის დევიზია – „უკეთესად მახსოვს, როცა ვხატავ“ (“I REMEMBER BETTER WHEN I PAINT”). ის პაციენტებში არტთერაპიის დანერგვას უჭერს მხარს და ეხმარება მათ, გამოიყენონ ხატვა, როგორც ალცჰაიმერის პროცესის შენელების საშუალება.
უმკურნალე დეპრესიას
დეპრესია მსოფლიოში ალცჰაიმერის დაავადების, სულ მცირე, 3,6 მილიონი შემთხვევის პროვოცირებას ახდენს, – გვაფრთხილებენ მეცნიერები.
დეპრესიის არსებობა, თავისთავად, უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ტვინში გარკვეული უწესრიგობაა, რის გამოც ნეირონები შეიძლება უფრო დაუცველნი აღმოჩნდნენ დამაზიანებელი პროცესების მიმართ. ადამიანთა დიდ ჯგუფებზე ხანგრძლივმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ დეპრესია მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების ალბათობას ზრდის.
მოამზადა თამარ ქავჟარაძემ
მსგავს თემაზე: შემოქმედებითი პროცესი ალცჰაიმერის დაავადებას ამუხრუჭებს
კაცმა ალცჰაიმერით დაავადებული ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
ქურქუმა – ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ
კომენტარები