მოდა/სილამაზესაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

რა უნდა ვისწავლოთ დემნა და გურამ გვასალიების წარმატებიდან?

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა ასაკიდან მოდას სერიოზულ ბიზნესად აღვიქვამდი,  კარგად მესმის ადამიანების, რომლებისთვისაც მოდასთან დაკავშირებული ხალხი უმეტესად მდიდარი მამიკოების განებივრებულ ქალიშვილებთან, ფეხბურთელების ცოლებთან,  გადაჭარბებულ ეპატაჟთან, ან გრძელფეხება ლამაზმანებთან ასოცირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში საზოგადოების უმრავლესობას მოდაზე წარმოდგენა რეიტინგული ტელეშოუებიდან ექმნება, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ამ სფეროს ჯერ კვლავ მდიდარი ქალების გასართობ საქმიანობად მოიაზრებენ.

4 წლის წინ, როდესაც „ვოგში“ ამოვიკითხე, რომ პარიზში ახალი ბრენდი VETEMENTS-ი გამოჩნდა, რომელიც შესაძლოა გახდეს მოდის მამოძრავებელი მნიშვნელოვანი ძალა, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. გვასალიებით არა მხოლოდ მე, არამედ მსოფლიო დაინტერესედა, თუმცა ჩემი ინტერესი, როგორც ქართველის, განსხვავებული იყო. თუ მსოფლიოს აინტერესებდა, რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა ბრენდისგან, რომელსაც „ვოგი“ მოდის ახალ მამოძრავებელ ძალას უწოდებს, მე მაინტერესებდა, როგორ მივიდნენ დემნა და გურამი საქართველოდან მოდის ბიბლიად წოდებულ ამერიკულ „ვოგამდე“.

გვასალიებს ისეთი წარსული აქვთ, როგორიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას: ომი, დევნილობა, გაჭირვება. უეცრად მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი გახდა ბიჭი, რომელიც ძალიან „ჩვეულებრივია“. 4 წელია თეთრი ბოტასი აცვია, შავი კეპი ახურავს და „რამშტაინის“ მაისურით მიდის CFDA-ს დაჯილდოებაზე საერთაშორისო დიზაინერის ჯილდოს ასაღებად. მაშინ, როდესაც ქართული ინტერნეტ სივრცე იყოფა 2 მხარედ,  როგორ „დატროლეს“ გვასალიებმა მსოფლიო, ან როგორ მოახდინეს რევოლუცია, მე უბრალოდ, გვასალიების „ჩვეულებრივობაზე“ და ქართულ მოდაში ახალი თაობისთვის ამის  მნიშვნელობაზე მეფიქრება. პლატფორმიანი კროქსები, ბაზრის ჩანთები, შეუხედავი კედები დემნას და გურამის ისტორიის უმნიშვნელო ნაწილია. მნიშვნელოვანს რატომღაც ყოველთვის გვერდს უვლიან. მნიშვნელოვანი სწორედ მათი „ჩვეულებრივობა“ და ამის ფონზე მიღწეული წარმატებაა იმ ინდუსტრიაში, რომელშიც ძალიან დიდ თანხას ზუსტად იმიტომ ხარჯავენ, რომ „ჩვეულებრივებს“ არ ჰგავდნენ.

გვასალიების წარმატება კარგი გაკვეთილია და ჩვენ შეგვიძლია რაღაცები ვისწავლოთ, თუ მხოლოდ ბაზრის ჩანთებს არ დავინახავთ. შესაძლოა ახლა პროფესია არჩეული გაქვთ, გრძნობთ, რომ პირველადი არჩევანის გაკეთებისას შეცდით, თუმცა ფიქრობთ უკან დასახევი გზა არ გაქვთ, გაიხსენეთ, დემნა გვასალიამ 4 წელი ეკონომიკის ფაკულტეტზე ისწავლა, პირველ არხზე უცხოური ამბების მთარგმნელად იმუშავა, დღეს 100-წლიანი ფრანგული მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. განათლება მნიშვნელოვანია. ნუ დაიწყებთ ამ სფეროში კარიერის დაგეგმვას იმიტომ, რომ მოდაში მუშაობა მოდურად გეჩვენებათ. შეხედეთ მოდას სერიოზულად. კარგი განათლების გარეშე ეპატაჟით, ან სკანდალებით შეიძლება რეიტინგულ ტელეშოუებში აღმოჩნდეთ, მაგრამ საერთაშორისო რუკაზე არავინ მოგისმენთ. დემნას და გურამის ბაზრის ჩანთების მიღმა წამყვანი სასწავლებლებია. სანამ მოდის ბიზნესში აქტიურად შეაბიჯებთ, კარგად გაიაზრეთ, ვინ ხართ. არ დამალოთ საკუთარი ისტორია მხოლოდ იმიტომ, რომ პრადას ჩანთებით ან ვოგის პრიალა ფურცლებით არ არის მოფენილი. არ შეგრცხვეთ, თუ ყოველ სეზონზე ახალი ტანსაცმელი არ გაქვთ. მოდის ინდუსტრია ძალიან გლამურული, ბრჭყვიალა და ხშირად სნობურია, მაგრამ ეს მონეტის მხოლოდ ერთი მხარეა. წარმატების მისაღწევად „შანელის“ გაზაფხული-ზაფხული 2019 არ გჭირდებათ, არამედ გონება, შრომისმოყვარეობა და ცოტა იღბალიც.

დღეს პროდუქტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ისტორიაა, სწორედ ამიტომ არის ახლა დემნა გვასალია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერი. როდესაც სხვები საოცნებო სამყაროს გვიხატავენ, ილუზიებს გვიქმნიან სრულყოფილ გლამურულ ცხოვრებაზე, დემნა გვიყვება, როგორ ეცვა ბიძაშვილების გამონაცვალი სამოსი. სახალისოა, თუმცა ამ ამბიდან მხოლოდ „ჰაჰა, ტიპი რა ტროლია“-ს გაგება არაფერს მოგიტანთ, მაგრამ თუ გაიაზრებთ, რომ მოდას უყვარს რეალური ადამიანები ნამდვილი ისტორიებით, მაშინ შესაძლებელია ეს მომავალში კარიერის სწორად წარმართვაში დაგეხმაროთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც უშვებენ, „ნაკლის“ დაფარვის სასოწარკვეთილი მცდელობაა. არ შეგრცხვეს, პირიქით, შეძლო შენი არც თუ ისე სასიამოვნო მოგონების ან „ნაკლის“ საინტერესოდ წარმოჩენა – წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული სწორი ნაბიჯია. და გახსოვდეთ, თუ გვასალიებმა შეძლეს, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია!

გვანცა კიკალიშვილი

FashionHolicsonline.com

P. S. ინფო: Vetements-ი დემნასა და მისი ძმის, გურამ გვასალიას ბრენდია, რომელიც ფრანგულად „ტანსაცმელს“ ნიშნავს.

დემნა გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) პრემია  „მოდის ოსკარით“ დააჯილდოვა, გურამ გვასალიამ კი მოდის სამყაროში Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის მიიღო ჯილდო, როგორც საუკეთესო „საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერმა“.

ფოტოები 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებიდან პარიზის მოდის კვირეულზე:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close