იტალიაში უცხოელთა რაოდენობამ მოსახლეობის 10%-ს გადააჭარბა – საყურადღებო მონაცემები

დღეისათვის იტალიაში 6,222 მლნ უცხოელი ცხოვრობს, წერს იტალიური პრესა ფონდ ISMU-ს მონაცემებზე დაყრდნობით. მათ შორის ე. წ. მესამე ანუ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩამოსულთა რაოდენობა 4,443 მილიონია. 1998 წელს იტალიაში 922 ათასი უცხოელი ცხოვრობდა. 

იმიგრანტთა წილმა ქვეყნის მუდმივ მოსახლეთა შორის (იტალიის მოსახლეობა 2019 წლის 1 იანვრისთვის 60 მლნ 360 ათასით განისაზღვრა) 10%-ს გადააჭარბა. მათი 91% ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობს.

მიგრანტთა უკვე მეორე თაობა წამოვიდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში იტალიაში 5 მლნ 300 ათასი უცხოელი დამკვიდრდა, მათგან ყოველმა მეხუთემ (1 მლნ 365 ათას 812) იტალიის მოქალაქეობა მიიღო. მათი ინტეგრაცია იტალიურ საზოგადოებაში, ძირითადად, მშვიდად მიმდინარეობს. ინტეგრაციაზე სხვადასხვა ასპექტი ახდენს გავლენას – სკოლიდან დაწყებული, შრომის ბაზრით დამთავრებული. დღეისათვის 850 000 უცხოელი სტუდენტი და მუშაკი საწარმოო სისტემის სტრუქტურული შემადგენელი გახდა. და მაინც, გასული წლიდან მოყოლებული, იტალიელების დამოკიდებულება უცხოელი იმიგრანტების მიმართ შეიცვალა  – იტალიელთა უფრო დიდი ნაწილი მიესალმება დახურული პორტების პოლიტიკას.

ასეთია დამოუკიდებელ ფონდ ISMU-ს (ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს უცხოელთა ცხოვრებას იტალიაში) მონაცემები ქვეყანაში მიგრაციის  შესახებ. ISMU-ს თანახმად, იტალიაში 6 მლნ 222 ათასი უცხოელი ცხოვრობს და ქვეყნის 60-მილიონიანი მოსახლეობის პირობებში  ეს ნიშნავს, რომ ყოველი 10 მოსახლიდან ერთი უცხოელია. რუმინეთი, ალბანეთი, მაროკო – უცხოელთა შორის პროცენტულად ყველაზე მეტი ამ 3 ქვეყნის წარმომადგენლებზე მოდის. ყველაზე თანმიმდევრულად არალეგალთა რიცხვი იზრდება – +5,4% ანუ 562 ათასი ადამიანი. 2018 წელს იტალიამ 242 000 ახალი ბინადრობის ნებართვა გასცა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია (თავშესაფრის მიცემის ან ჰუმანიტარული დაცვის მიზნით ცხოვრების ნებართვის გაცემის შემცირების გამო). იზრდება ქალთა რიცხვი – მოთხოვნების 45%-ზე მეტი 2018 წელს ქალებზე მოდის (39% – 2017 წელს).

თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე განაცხადები შემოსულ არალეგალთა კლების პროპორციულად არ შემცირებულა, თუმცა უარი განაცხადებზე გაიზარდა 30%-იდან (2013 წელს), 80%-მდე  (2019 წელს) და კიდევ უფრო მეტად – ჰუმანიტარული დაცვის საფუძველზე გაცემული ცხოვრების უფლების მონაცემებში, თუმცა, ISMU-ს განმარტებით, მონაცემებზე ამ  კატეგორიის რეალური გავლენის რაოდენობრივი შეფასება ჯერ ადრეა, რადგან უარის ძალიან დიდი ნაწილი გასაჩივრდება და მათ სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

უცხოელ მოქალაქეთა შორის 4 მლნ შრომისუნარიანი ასაკისაა და მათგან მხოლოდ 2,5 მილიონია დასაქმებული, რაც 32 000-ით მეტია, ვიდრე წინა წელს. უმუშევრობის დონე უცხოელთა შორის უფრო მაღალია (14%), ვიდრე იტალიელთა შორის (10,2%) და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების წარმომადგენელი მუშაკები წლიურად საშუალოდ 35%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე ყველა დასაქმებული, საშუალოდ.

სკოლებში იტალიელ მოსწავლეთა რაოდენობის მუდმივი შემცირების  მიუხედავად (მინუს 93 ათასი), უცხოელ მოსწავლეთა რიცხვი იზრდება და დღეისათვის იტალიის სკოლებში მთლიანობაში 842 ათასი იმიგრანტი სწავლობს, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა 9,7%-ს შეადგენს. ლომბარდია, ემილია-რომანია და ვენეტო – ის რეგიონებია, სადაც სკოლებში ყველაზე მეტი იმიგრანტი მოსწავლეა.

ფონდ ISMU-ს მონაცემებით, იტალიაში იმიგრანტთა მეორე თაობა (0-იდან 35 წლამდე) 2 825 182 ადამიანს ითვლის.

ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად გამოვლინდა, რომ იტალიელთა 59% პორტების დაკეტვის პოლიტიკის მომხრეა, მაშინ როდესაც 2018 წლის დასაწყისში დახურული პორტების მომხრე 49% იყო.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები