მსოფლიოსაზოგადოებახელოვნებასაქართველო

პარიზის საშობაო გალაკონცერტში ოთხი ქართველი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო ფონდ „სოს ტალანტსის“ (SOS TALENTS) საშობაო გალაკონცერტი 2019 წლის 5 დეკემბერს, ექსკლუზიურად მარსელ დასოს სასახლეში, პარიზში, შანზ-ელიზეზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ფონდის რვა სტიპენდიანტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

საზეიმო საღამო, ტრადიციულად, მარსელ დასოს (Marcel Dassault) ოჯახისა და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის მხარდაჭერით იმართება. წელს კონცერტი მიეძღვნება ნიკოლ დასოს (Nicole Dassault) ხსოვნას. მიწვეული საზოგადოების წინაშე წარდგებიან სხვადასხვა ეროვნების ნორჩი და უკვე სახელგანთქმული ვირტუოზი პიანიტები, რომლებიც ფონდ „სოს ტალანტსის“ ლაურეტები არიან.

გალაკონცერტში, ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივითა და ხელშეწყობით, ოთხი ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილეა.

შანზ-ელიზეს მე-17 საუკუნის სასახლე და მისი მფლობელი მეცენატების ოჯახი, ექსკლუზიურად, ფონდის ტალანტების გალაკონცერტს ყოველ წელს მასპინძლობს. საფრანგეთის საბრძოლო ავიაციის დამფუძნებლის, ლეგენდარული მარსელ დასოს ოჯახი – სერჟ და ნიკოლ დასოები მუსიკის სიყვარულით გამოირჩეოდნენ (სერჟ დასო 2018 წელს გარდაიცვალა, მისი მეუღლე ნიკოლ დასო – 2019 წელს; მათ 4 შვილი ჰყავთ) და წელსაც, კონცერტზე, ტრადიციულად, მილიარდერი ოჯახი ევროპულ მაღალ საზოგადოებას მიიღებს. დასოს ოჯახი საფრანგეთში ფლობს საავიაციო რაფალებს, ასევე, გაზეთ „ფიგაროს“.

რაც შეეხება ფონდ SOS Talents-ს, ის 2000 წელს ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა – მიშელ სონიმ დააარსა. ფონდის ძირითადი მიზანია ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა, მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარება.

საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტისა და იუნესკოს პირველი ქართველი არტისტის, ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება.

ფონდის მიერ შერჩეული ბავშვები, სკოლის პროგრამის პარალელურად, დამატებით ითვისებენ მიშელ სონის მიერ შექმნილ სპეციალურ მეთოდიკას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განავითარონ ტექნიკური თუ მუსიკალური შესაძლებლობები.

ბევრმა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სწორედ ამ ფონდის დახმარებით გაიკვალა გზა საერთაშორისო სცენისკენ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close