ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს
ცაგერის მუნიციპალიტეტში პოლიციის ორმა თანამშრომელმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
როგორც ადგილობრივებმა „გურია ტვ“-ს უთხრეს, პოლიციელები, რომლებიც წლებია მეგობრობდნენ, ახლობელთან საქეიფოდ იყვნენ მისულები. იქიდან წამოსულები, გზაში შეკამათდნენ. კონფლიქტის განმუხტვას მათივე მეგობარი შეეცადა, რომელიც იმავე სუფრაზე იყო, თუმცა გაშველების დროს იარაღი, რომლითაც პოლიციელები ერთამენთს ემუქრებოდნენ, გავარდა და მას ბარძაყში მოხვდა. „ამ გასროლას სხვა გასროლა მოჰყვა და ერთმანეთი დახოცეს“, – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
„კურიერის“ ინფორმაციით, ორ პოლიციელს შორის დაპირისპირება სამსახურეობრივ მორიგეობას უკავშირდებოდა. ისინი ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადასცა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მკვლელობის იარაღები, ასევე არსებობს არაერთი კამერის ჩანაწერიც.
ორივე მამაკაცი შს სამინისტროს თანამშრომელი იყო. ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ კარლო კოპალიანის ძმისშვილის მეუღლე – რომეო მანდარიაა.
კომენტარები