მეუფე იაკობმა დაადასტურა, რომ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს ხელით შეეხო
ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ სინოდის სხდომაზე, რომელიც ხმაურითა და სკანდალით დასრულდა, ის მეუფე პეტრე ცაავას ხელით შეეხო. ამის შესახებ მეუფე იაკობმა „იმედის კვირას“ ინტერვიუში განუცხადა, რომელიც ბრიუსელში მისი ვიზიტის დროს ჩაიწერა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეეხო თუ არა ის მეუფე პეტრე ცაავას ხელით, მეუფე იაკობი პასუხობს:
„რა თქმა უნდა, იწევდა უწმინდესისკენ და რომ იწევდა, არავის არ ვაპატიებ, პეტრეს კი არა მთელი ჯარი რომ შემოვიდეს, სანამ პირში სული მიდგას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე პეტრე ცაავას სინოდის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადებების დროს პანაღია (ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ეპისკოპოსს გულზე კიდია) არ ეკეთა. სწორედ ამაზე მიუთითა მეუფე იაკობმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში, როდესაც თქვა, რომ პანაღია მეუფე პეტრეს მაშინ ჩამოსწყდა, როდესაც მას ხელით შეეხო და დარბაზიდან გააძევა.
„ჩამოწყდა, დატოვა დედა ღვთისმშობელმა“, – თქვა მეუფე იაკობმა.
31 ოქტომბერს სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მეუფე პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.
კომენტარები