პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

ჩვენს დროშიც არსებობენ გმირები – FB ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ

სოციალურ ქსელში ნინო გიორგაძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, ექიმი, რომელიც ამჟამად ცხინვალში პატიმრობაში იმყოფება, მის მომაკვდავ ძმას შვილივით დიდი ხნის განმავლობაში უვლიდა:

„ვინც ამ ადამიანს არ იცნობს, შეიძლება, არც დაიჯეროს, რასაც თვითმხილველები ჰყვებიან. ჩემთვის დაუჯერებელი არაფერია. წლების განმავლობაში შვილივით უვლიდა ჩემს მომაკვდავ ძმას (ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მუშაობდა მაშინ). სამსახურიდან დაღლილი ჩვენთან მოდიოდა, რომ ჭრილობები დაემუშავებინა დათოსთვის და ამ ყველაფერს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე საკუთარი სურვილით აკეთებდა.

ჩვენს დროშიც არსებობენ გმირები, უბრალოდ, ჩვენ არ შეგვწევს უნარი მათი ამოცნობისა და დაფასებისა. ჩვენ მხოლოდ ის მოვახერხეთ, ავანტიურისტები გვექცია მებაირაღეებად“.

FB-ში, ასევე, გავრცელდა მიმართვა რუსი პილოტებისადმი, რომლებსაც 2008 წელს უმკურნალა ვაჟა გაფრინდაშვილმა:

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ერთადერთი, რასაც ვაჟა გაფრინდაშვილისაგან მოითხოვენ, ისაა, რომ აღიაროს საზღვრის გადაკვეთა. ბატონი ვაჟა ამაზე კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ამ დრომდე ვერ გაჭრა თურმე ვერც მისი თანაკლასელების თხოვნამ – ამბობს დაკავებულის მეგობარი ექიმი დავით ღვინიაშვილი.

აი, ვინ ქმნის პოლიტიკას ქვეყანაში, უბრალო ექიმი, რომელსაც სამშობლო თბილ სავარძელსა და მაღალ ხელფასს ურჩევნია“, – წერს გოდერძი შარაშია.

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა ასე, ერთი ფოტოთი, რომელიც ერთ ქადაგებას უდრის, გამოხატა მხარდაჭერა:

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან, საოკუპაციო ხაზთან დააკავეს ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე. წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close