ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად ალბომს LIVE IN CONCERT გამოუშვებს
ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა ქეთი მელუამ საკონცერტო ალბომის – LIVE IN CONCERT-ის გამოშვება დააანონსა. ალბომში გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად 2018 წლის დეკემბერში ლონდონის ისტორიული რაიონის, უესტმინსტერის CENTRAL HALL-ში გამართულ კონცერტზე შესრულებული კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი. მასთან ერთად გავრცელდება 84-გვერდიანი ფოტოწიგნი, რომელიც ამავე პერიოდში ჩატარებული ტურნეს ფარგლებში გადაღებულ სურათებს გააერთიანებს.
სტუდიურ ჩანაწერში, რომელიც დღის სინათლეს 13 დეკემბერს იხილავს, წარმოდგენილი იქნება ქეთისა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივ ალბომში In Winter შესული სიმღერების ლაივ ჩანაწერები, ასევე, ცოცხლად შესრულებული კლასიკური კომპოზიციები, როგორიცაა: ლუი არმსტრონგის What A Wonderful World, ჯონი მიტჩელის River, როკ ჯგუფ The Cure-ის კომპოზიცია Just Like Heaven და ბრიტანელი არტისტის, Black-ის Wonderful Life.
ქეთიმ გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად 2020 წლის ევროპული ტურნეც დააანონსა, რომელიც 30 ოქტომბერს დაიწყება და გაერთიანებულ სამეფოს, ირლანდიას და ევროპის სხვა ქვეყნებს მოიცავს. ეს მესამე ტურნე იქნება, რომელსაც არტისტი გუნდთან ერთად ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ მათმა ერთობლივმა ალბომმა In Winter, რომელიც 2016 წელს გავრცელდა, ბრიტანულ ჩარტში მეცხრე პოზიცია დაიკავა.
არტისტმა მომავალი ლაივ ალბომიდან პირველი კომპოზიცია O Holy Night 17 ნოემბერს გაავრცელა.
ქართველმა მომღერალმა კარიერა 2003 წელს დაიწყო. ქეთი ორი Echo Awards-ის (გერმანიის „გრემად“ წოდებული მუსიკალური ჯილდო) მფლობელია. პოპვარსკვლავს 11 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. 2006 წელს ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ 303 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული სოლო კონცერტისთვის მელუა გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
popmusic.ge
კომენტარები