fbpx
მედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

რატომ გაყინავენ ოპერაციამდე პაციენტებს -15 გრადუსზე – ახალი მიდგომა მედიცინაში

პირველად მედიცინის ისტორიაში ექიმებმა ადამიანი „შეჩერებული სასიცოცხლო ფუნქციების“ მდგომარეობაში ჩააყენეს, რაც პაციენტის გადარჩენისთვის უპირობო გადაწყვეტილება იყო.

მაშინ, როცა პაციენტი ცეცხლსასროლი იარაღისგან, ან დანისგან მიყენებული ღია ჭრილობით ხვდება საავადმყოფოში, მისი გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა, რადგან დაკარგული სისხლი და, შესაბამისად, გაჩერებული გული სიკვდილის წინაპირობაა. სიკვდილის, რომელიც იურიდიულად თუ ფიზიოლოგიურად დგება მაშინ, როცა ტვინი წყვეტს მუშაობას. ეს ხდება ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტიდან 5 წუთში. ეს დრო კი ექიმებისთვის, ძალიან ხშირად, საკმარისი არ არის პაციენტის გადასარჩენად.

ამ პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებმა ადამიანის სხეულის გაყინვა – მის ვენებში სისხლის ნაცვლად ყინულოვანი ხსნარის შეყვანა გადაწყვიტეს. ამ მიდგომის გამოყენებით, ქირურგებს აქვთ ორი საათი, რათა „შეჩერებული სასიცოცხლო ფუნქციების“ პირობებში მყოფი პაციენტი გადაარჩინონ.

ტექნიკა, რომელსაც ექიმები იყენებენ, ერთგვარი გადაუდებელი რეანიმაციული დახმარებაა (EPR). ის გამოიყენეს ისეთ პაციენტებზე, რომლებიც ბალტიმორში, Maryland Medical Centre-ის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ცეცხლსასროლი იარაღით ან დანით მიყენებული მძიმე ჭრილობებით მიიყვანეს და გული გაუჩერდათ. მათ დაკარგული ჰქონდათ სისხლის ნახევარი, რა დროსაც ოპერაციული ჩარევისთვის ექიმებს რამდენიმე წუთი აქვთ და ამ შემთხვევაშიც ასეთი პაციენტების გადარჩენის შანსი მხოლოდ 5 %-ია.

EPR გულისხმობს ადამიანის გაყინვას -10 ან -15 გრადუსზე ცელსიუსით, ხოლო პაციენტის სისხლის მთლიანად ჩანაცვლებას სპეციალური, ყინულოვანი ხსნარით. ამ დროს პაციენტის ტვინის აქტივობა წყდება. ამის შემდეგ, სასიცოცხლო ფუნქციებშეჩერებული პაციენტი ანუ, ფაქტობრივად, უკვე გარდაცვლილი პაციენტი საოპერაციოში გადაყავთ. ქირურგებს 2 საათი აქვთ იმისათვის, რომ პაციენტის სხეულის დაზიანებები გამოასწორონ, შემდეგ კი პაციენტს „ალღობენ“, უბრუნებენ მას სხეულის ჩვეულ ტემპერატურას, რომელიც 37 გრადუსამდეა, ხოლო მის სისხლძარღვებს, ნაცვლად ყინულოვანი სითხისა, ისევ სისხლით ავსებენ.

ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსამდეა, ხოლო ჩვენს ქსოვილებს გარკვეული რაოდენობის ჟანგბადი სჭირდებათ იმისათვის, რომ ენერგია აწარმოონ და, ზოგადად, სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნონ. როდესაც გული წყვეტს ფეთქვას, ჟანგბადი აღარ მიდის ქსოვილებამდე, მათ შორის, არც ტვინამდე, რომელსაც ჟანგბადის გარეშე მხოლოდ 5 წუთი შეუძლია გაძლოს. მოკლედ რომ ვთქვათ, გაყინვის შედეგად ჩვენი სხეულის ყველა ქსოვილი და, მათ შორის, ტვინის ნეირონული ქსოვილი წყვეტს აქტივობას, უფრო კონკრეტულად კი, ქიმიურ რეაქციას, რომელიც ჩვენს ტვინში მუდმივად მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში, როცა ტვინი ისედაც გაჩერებულია, მას ჟანგბადი ძალიან მცირე რაოდენობით სჭირდება.

აღნიშნულ სიახლეს ამერიკის Food and Drug Administration-ი განიხილავს და მსგავსი ტიპის პროცედურის ჩატარება შესაძლოა დასაშვები გახდეს მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტის გადარჩენის სხვა გზა, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.

სემუელ ტიშერმენი – Maryland School of Medicine-ის მეცნიერი New Scientist-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ ერთი პაციენტი „შეჩერებული სასიცოცხლო ფუნქციების“ მდგომარეობაში ჩააყენეს. ის ჯერ არ საუბრობს იმაზე, ამ მეთოდის დახმარებით რამდენი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ექსპერიმენტის ზუსტ შედეგებზე საუბარს 2020 წლის ბოლოსთვის შეძლებენ.

ტიშერმენის ინტერესი მსგავსი დახმარების გაწევის მიმართ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა სტაციონარში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი შეიყვანეს, რომელიც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მის გადასარჩენად ექიმებს საკმარისი დრო არ ჰქონდათ. ახლა კი, მისმა გადაწყვეტამ – ადამიანის გაყინვამ, შეიძლება უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნას.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ ვაპირებთ ადამიანები სატურნზე გავგზავნოთ, ჩვენ, უბრალოდ, ვცდილობთ გვქონდეს მეტი დრო ადამიანების გადასარჩენად“, – ამბობს ტიშერმენი.

სიახლეს თან სდევს ძალიან ლოგიკური კითხვა – რამდენად შესაძლებელია, პაციენტის სხეულს გაყინვის შემდეგ სრულად აღუდგეს სასიცოცხლო ფუნქციები იმდენად, რომ მან სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეძლოს? აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს შეიძლება იყოს ადამიანი „შეჩერებული სასიცოცხლო ფუნქციების“ მდგომარეობაში. ცნობილია, რომ ადამიანის გათბობის ანუ რეპერფუზიის – სისხლის მიმოქცევის აღდგენის შემდეგ ქიმიური რეაქციები უჯრედებს აზიანებენ და რაც უფრო დიდხანს არიან უჯრედები ჟანგბადის გარეშე, დაზიანების რისკიც იზრდება. შესაძლოა, მედიკამენტოზურად დავეხმაროთ „გამლღვალ ადამიანს“ რეპერფუზიის გვერდით დაზიანებებთან გამკლავებაში, თუმცა, ტიშერმენის თქმით, ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის, რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ პროცესს ორგანიზმისთვის.

ტიშერმენმა ამ მიგნების შესახებ ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის სიმპოზიუმზე ისაუბრა. NYU Langone Health-ის დირექტორის – არიანე ლევისის პასუხი ამ სიახლეზე კი ზუსტად ისეთი იყო, რითაც ამ სტატიის დასრულება კარგი იქნებოდა: „ჩვენ აუცილებლად უნდა ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს მიდგომა და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ სად, როგორ და რა სიტუაციაში შეგვიძლია მისი გამოყენება“.

marketer.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close