მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში გადაიღეს (ვიდეო)

პოპულარული ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე უკვე რამდენიმე უცხოურ ფილმსა და სატელევიზიო სერიალშია გადაღებული.

მერაბ ნინიძე ამჯერად ამერიკულ სერიალში – „ტრედსტოუნში“ (Treadstone) გადაიღეს.

სერია პოპულარული ქართველი მსახიობის მონაწილეობით ეთერში მომავალ სამშაბათს, 26 ნოემბერს გავა. საკაბელო არხი USA Network-ი სერიალის პირველი სეზონის მეშვიდე სერიის ანონსს ინტერნეტში ავრცელებს.

მერაბ ნინიძე უცხოეთში რამდენიმე ფილმშია გადაღებული. მან შეასრულა როლი პოპულარულ ამერიკულ ტელესერიალში Homeland („სამშობლო”), სადაც ფინალური სეზონის სამ სერიაში ითამაშა. სერიალი IMDB-ზე გავიდა.

2017 წელს კი მსახიობი გადაიღეს BBC-ს სერიალში „მაკმაფია“ (McMafia), რომელშიც მან რუსული მაფიის ბოსის როლი შეასრულა. სერიალი „საუკეთესო სერიალის“ ნომინაციაში „ემის“ ჯილდოზეა წარდგენილი.

ნინიძე ასევე გადაღებულია ამერიკულ ტელესერიალში „ბერლინის განყოფილება“ (Berlin Station).

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა – 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III“ პრინც ედუარდის როლი ითამაშა.

1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში“, სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის, თორნიკეს როლი შეასრულა.

sputnik-georgia.com

კომენტარები