ავსტრალიაში ტყის ხანძრისას ქალმა კოალა გადაარჩინა (ვიდეო)
ავსტრალიელმა ქალმა სიცოცხლის რისკის ფასად კოალა ხანძრიდან გამოიყვანა. შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებს ავსტრალიური მედია ავრცელებს. ინციდენტი ახალი სამხრეთ უელსის შტატში მოხდა.
ადგილობრივმა მცხოვრებმა ცეცხლმოკიდებულ ტყეში კოალა შენიშნა, რომელსაც ხანძრის შედეგად უკვე დამწვრობები ჰქონდა მიღებული. მედიის ცნობით, ქალმა, სახელად ტონიმ ტანისამოსი გაიხადა და ცხოველი გაახვია, მოგვიანებით კი კოალა ახლომდებარე ვეტერინარულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
წელს ხანძარს 300-ზე მეტი კოალა ემსხვერპლა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში მდებარე პორტ მაკკუარის სპეციალურ ჰოსპიტალში ხანძრის შედეგად დაშავებულ 31 კოალას მკურნალობენ.
ავსტრალიური კოალების ფონდის მონაცემებით, ავსტრალიაში, ველურ ბუნებაში დაახლოებით 43 ათასი კოალაა დარჩენილი. ისინი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სიაში არიან.
ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს უკვე რამდენიმე კვირაა ებრძვიან. მეხანძრეებს ცეცხლთან გამკლავება გვალვისა და ძლიერი ქარის გამო უჭირთ.
ავსტრალიაში მიმდინარე წელს ხანძრების სეზონის დროს გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, ასობით სახლი კი განადგურდა.
ტყის მასშტაბური ხანძრის გამო, სიდნეი კვამლით დაიფარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ დღეს ავრცელებს. ანალოგიური ვითარებაა ადელაიდაში. აღნიშნული ქალაქები სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარეობს. ავსტრალიის ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს ჰაერის ხარისხის გაუარესების გამო და პირბადეებით გადაადგილებას ურჩევს. მათი ინფორმაციით, სიდნეისა და ადელაიდაში მსგავსი ვითარება შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდეს.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები