ვიდეოისტორიაქართველები უცხოეთში

ქართველი დედოფლის სავარაუდო საფლავის აღმოჩენა და მისი ცხოვრების ამაღელვებელი ისტორია (ფოტოები და ვიდეო)

თურქეთის ქალაქ ერზერუმის (არზრუმი) პროვინციაში, 8 საუკუნის შემდეგ, თამარ მეფის შვილიშვილის, რუსუდან მეფის შვილის, თამარ ბაგრატიონის, იგივე გურჯი ხათუნის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს. 

სელჩუკები ძველად მავზოლეუმის მსგავს ნაგებობებს აგებდნენ. ამ ტიპის აკლდამაში, იგივე თურბეში, მხოლოდ დიდგვაროვნებს კრძალავდნენ. თურქი არქეოლოგების ყურადღება ქვაზე აღმოჩენილმა წარწერამ მიიქცია, რომელზეც გარკვევით იკითხება გურჯი ხათუნის შვილის, რუმის სულთან ალაედინ ქეიყუბად მეორის სახელი. მის გვერდით ქალის ძვლებია აღმოჩენილი. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი,  რომ ეს ქალი სწორედ გურჯი ხათუნია.

„თურქ სელჩუკთა მემატიანე იბნ ბიბი წერს თავის ნაშრომებში, აგრეთვე, არსებობს სხვა სელჩუკური ქრონიკები, რომ მან [თამარ დედოფალი უმცროსი, გურჯი ხათუნი – რედ.] დაიბარა, რომ დაესაფლავებინათ თავის შვილთან. უცნობი იყო ქეიყუბად მეორის საფლავი და ერზერუმის პროვინციაში ნაპოვნია მისი საფლავის ქვა. მის გვერდით აღმოჩნდა მეორე საფლავის ქვა, ძალიან დაზიანებული, და ქალის ჩონჩხი. აქედან გამომდინარე, თურქებმა წამოჭრეს ეს ვერსია (რა თქმა უნდა, ეს ჯერ ვარაუდის დონეზეა და ამ ვარაუდს აქვს არსებობის უფლება), რომ ეს არის ქეიყუბად მეორე და მისი დედა – გურჯი ხათუნი“, – ამბობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა.

არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი ამ ორ ადამიანს შორის, მალე დნმ-ის ანალიზით დაადგენენ.

ამ აღმოჩენამ ქართველ დედოფალთან დაკავშირებული ისტორია და ამაღელვებელი ლეგენდები ისევ გააცოცხლა. 13 წლის ულამაზესი თამარი რუმის სულთანს, 17 წლის ყიას ედ-დინ ქეიხოსროვ მეორეს მიათხოვეს. ქორწილი 3 დღეს გაგრძელდა. სასახლე, სადაც დედოფალი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, თურქეთის ქალაქ კონიაში მდებარეობდა. დღეს სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი, სადაც ერთ-ერთ კუთხეში ბოლნური ჯვარია ამოტვიფრული.

კონიაში დღეს ერთ-ერთი ქუჩა გურჯი ხათუნის სახელს ატარებს. ამ ადგილას ქართველ დედოფალს გაჭირვებული ადამიანებისთვის პურის იაფი ბაზარი გაუხსნია. ამ ქუჩაზე დღესაც ხორბლის ბაზარია.

ამ ამაღელვებელი ისტორიის გაგრძელება, ფოტოები და ვიდეო არქეოლოგიური გათხრების ადგილიდან ნახეთ „პირველი არხის“ სიუჟეტში.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close