იტალიაში საქართველოს მოქალაქე ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა ilmattino.it-ის ცნობით, 48 წლის მამაკაცს ტერორისტებთან კავშირის გარდა კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის (ე. წ. კანონიერი ქურდი), ძარცვისთვის, ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის ეძებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ნეაპოლში დააკავეს. იგი თავის ნაცნობთან სახლში აიყვანეს, დაკავებისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ამჟამად იგი ციხეშია გადაყვანილი, სადაც ესპანეთში ექსტრადირებას ელოდება – იტალიელმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ესპანეთის სასამართლოს მიერ გაცემული ევროპული ორდერის საფუძველზე დააკავეს.

კომენტარები