გრიგოლ ვაშაძემ სპეცრაზმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ სპეცრაზმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მან რუსთაველის გამზირზე მყოფ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს გზის ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა. ინფორმაციას 1TV.GE ავრცელებს.
„გამატარე კაცო, ჩემს ქალაქში ვარ. გამატარე რა, ჩემს ქალაქში ვარ ბიჭო. ჩემს ქალაქში ვარ, რას აკეთებ, ნორმალური ხარ?“, – მიმართა გრიგოლ ვაშაძემ სპეცრაზმელს.
პარლამენტის წევრები კი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადებიან. დღისით „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ, შესაბამის უწყებებს კი საჭიროების შემთხვევაში რეაგირებისკენ მოუწოდეს.
სპეცრაზმმა რუსთაველზე საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებისა და კარვებისგან გაწმინდა. მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი.
აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიის შესაბამისმა უწყებებმა აქციის დაშლამდე რამდენჯერმე გააფრთხილეს.
დღეს დილით პარლამენტში დეპუტატები არ შეუშვეს. რუსთაველის გამზირი მეორე დღეა აქციის გამო გადაკეტილია.
17 ნოემბერს, ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.
imedinews.ge
კომენტარები