როდის გაათავისუფლებენ ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველ ექიმს, რომელიც ოკუპანტების მიერ წარდგენილ ბრალს არ ცნობს და ამბობს, რომ „იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე“

ვაჟა გაფრინდაშვილი, ქართველი ტრავმატოლოგ-ორთოპედი, საქართველოს ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქირურგი, რამდენიმე დღეა, რაც რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. ექიმს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველების მიერ „საზღვრის“ უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ „იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე“.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით გადელია სოციალურ ქსელში ოკუპირებულ ახალგორში დაკავებულ ქართველ ექიმ-ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილზე წერს:

„ის კი არ მიკვირს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს, სრულიად ფხიზელს, პირადყოფიერი დიდი პრობლემების არმქონეს, ამოასხა ერთ დღეს და ეს ნაბიჯი გადადგა; ის უფრო მიკვირს, რომ არცერთ ქართველს, ჩემი ჩათვლით, თუნდაც სიმთვრალეში და თუნდაც რაღაც სულ სხვა ამბავზე გაბრაზებულს, იგივე ნაბიჯი პიროვნულად თავში არ მოსვლია!! … ნუ, საზღვრის აქედან მასხრულ-მასობრივ პერფომანსებს სერიოზულად არც განვიხილავ! არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს მისი მხრიდან „დანაშაული“ იყო – თავადაც უნდოდათ გამოშვება, მაგრამ ვაჟამ, – „არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო!“ აფერუმ, ძმაო, შენ კაცობას!“, – წერს „ფეისბუკში“ დავით გადელია.

გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი Facebook-ზე წერს, რომ წითელი ჯვარი ცხინვალში შესვლას და ვაჟა გაფრინდაშვილის საპატიმროში მონახულებას ვერ ახერხებს.

მან ასევე დაწერა, რომ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი და რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული ერთ-ერთი პირი მოინახულეს და ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღეს:

„ვიყავით ერთერთი დაკავებულის ოჯახში, რომელიც ორი დღის წინ გაანთავისუფლეს. სამწუხაროდ ცხინვალის ციხიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღება ფაქტიურად შეუძლებელია გვიწევს ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა მეთოდით. განთავისუფლებულებმა გვითხრეს რომ ფიზიკურად კარგად ექცევიან, რა თქმა უნდა პირობები ძალიან რთულია სადაც ყავდათ იზოლატორში. მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და „საზღვარი“ გადაკვეთა ამიტომაც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული საზღვრის განზრახ გადაკვეთის მუხლზე. მთავრობიდან მაქსიმალურად ყველა ჩართულია და ცდილობენ სწრაფად მოგვარდეს ყველაფერი“, – წერს ირინა გაფრინდაშვილი.

როგორც „რადიო თავისუფლება“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზვნის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

სოციალური ქსელის და ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა მანანა ბანძელაძემ

p. s. „რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი (ვაჟა გაფრინდაშვილის – რედ.) გათავისუფლება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში მოხერხდება“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ყველა უწყება ჩართულია, რათა მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

„…ახლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვაჟა ექიმი თავის ოჯახს და მის პროფესიულ საქმიანობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. წითელ ჯვარს ჰქონდა გარკვეული პრობლემები. წინა შაბათიდან მოყოლებული მაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, პრობლემები, რომელიც მათ ექმნებათ ოპერირებაში, არის მიუღებელი. ამ საკითხზე მე და შესაბამისი უწყებები, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვმუშაობთ, რომ მათ არ ჰქონდეთ მსგავსი პრობლემები. ისინი უნდა მოქმედებდნენ ოპერატიულად და მათ ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები