25 მილიონი გიორგი ჩაკვეტაძეში – ესპანურ „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელის შეძენა სურს
„ვალენსიას“ გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა სურს – საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ქართველი შემტევით ცნობილი ესპანური კლუბის დაინტერესებაზე ინფორმაციას ესპანური გამოცემა TODOFICHAJES-ი ავრცელებს.
„ვალენსია“ უკვე იწყებს მუშაობას, რათა ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში გაძლიერდეს. „ვალენსიაში“ ისეთი გუნდი სურთ, რომელიც აიძულებს გულშემატკივრებს, წლევანდელი წარუმატებელი სტარტი დაივიწყონ“, – წერს გამოცემა.
TodoFichajes-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გადაბირება „ვალენსიის“ დღის წესრიგშია;„ფეხბურთელი ბელგიური „გენტის“ ლიდერი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ის მხოლოდ 20 წლისაა და ძველ კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელად მიიჩნევა“.
ესპანური გამოცემის ცნობით, „გენტმა“ ქართველის სანაცვლოდ ტრანსფერის ღირებულება დაასახელა: „მოლაპარაკება უკვე იყო და „ვალენსიამ“ „გენტთან“ ჩაკვეტაძის გამოსყიდვაზე დალაპარაკება ცადა. ბელგიური კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერში 25 მილიონ ევროს ითხოვს“.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ჩაკვეტაძით გერმანიის ბუნდესლიგის ცნობილი გუნდი „აინტრახტიც“ დაინტერესდა. ამის შესახებ 3 კვირის წინ საქართველოს პირველ არხთან ფრანკფურტის „აინტრახტის“ აქციონერმა კაზიმ არიფოვმა ისაუბრა.
„ვიცი, რომ ქართველებს ყოველთვის საინტერესო მოთამაშეები გყავდათ და გყავთ. მაგალითად, ჩაკვეტაძე ძალიან კარგი მოთამაშეა. მისი აყვანა ბევრ ცნობილ ევროპულ კლუბს სურს, მათ შორისაა „აინტრახტიც“, – განაცხადა არიფოვმა.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები