„რაიანეარი“ მგზავრებს უფასო ბილეთებს ჰპირდება!

ევროპის ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტიანი კომპანია, ირლანდიური RYANAIR-ი მგზავრებს საინტერესო სიახლეებს ჰპირდება. ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაიკლ ოლირმა განაცხადა, რომ უახლოეს 5 წელიწადში „რაიანეარის“ ბილეთების ნაწილი უფასო გახდება. ამ სასიამოვნო სიახლეს კი, მისი თქმით, ის განაპირობებს, რომ ევროპის აეროპორტები კომპანიას უფრო და უფრო საინტერესო შეთავაზებებს უკეთებენ.

კერძოდ, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმაზე, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაგადამყვანს სხვადასხვა გადასახადი შეუმცირონ, რაც მას საშუალებას მისცემს, ბილეთების ნაწილი უფასო გახადოს.

ოლირი ფიქრობს, რომ კომპანია დამატებით შემოსავალს მგზავრების მიერ აეროპორტში დახარჯული თანხიდან მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „დუტი ფრიში“ გადახდილი ფულის ნაწილი „რაიანეარის“ ანგარიშზე გადაირიცხება.

უნდა აღინიშნოს, რომ სიახლე არ შეეხება დიდ აეროპორტებს და, ძირითადად, ქუთაისის აეროპორტის მსგავს მცირე ზომის ობიექტებზე იქნება გათვლილი.

წყარო: visageorgia.ge

კომენტარები