გამოფენა რომში – „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“

რომის ისტორიულ ცენტრში მდებარე გალერეაში „კარლო მარია ბიაჯარელი“ მიმდინარეობს გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“, რომელზეც 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ქართველი და უცხოელი ფოტორეპორტიორების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ფოტოისტორია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან სხვადასხვა პერიოდში დევნილი მოსახლეობის ტრაგედიას და მათ ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს.

საქართველოს ელჩი იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე გამოფენის გახსნაზე

7 ნოემბერს გამოფენის გახსნაზე მიწვეულ იტალიელ სტუმრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ, რომელმაც მათ მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების შემაშფოთებელ ტენდენციაზე, რომლის უკანასკნელი ტრაგიკული მაგალითი საქართველოს მოქალაქის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტია; ასევე, საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილი ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის შესახებ.

გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფების – ჯონ ჯონსისა და მალქომ ლინტონის, ასევე, ქართველი ფოტოგრაფების – შახ აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელი ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრები; აგრეთვე, წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფის, თაკო რობაქიძის ვიდეორგოლი „მცოცავი ოკუპაცია“.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და მისი ნახვა შესაძლებელია 16 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: რომი, პიაცა კაპრანიკა 97.

კომენტარები