„მაკდონალდსის“ პრეზიდენტი სამსახურებრივი რომანის გამო გადადგა

სტეფენ ჯეიმს ისტერბრუკი (Stephen James Easterbrook), „მაკდონალდსის“ (McDonald’s) კომპანიის პრეზიდენტი, მთელ მსოფლიოში სწრაფი კვების რესტორნების ქსელის მმართველი, იძულებული გახდა ხელქვეითთან რომანის გამო თანამდებობიდან გადამდგარიყო.

„მაკდონალდსის“ ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ სტივ ისტერბრუკს კომპანიასთან დამშვიდობება მოუწია მას შემდეგ, რაც „დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან კომპანიის პოლიტიკა დაარღვია და ცუდი უნარები გამოავლინა საღ აზროვნებაში, შევიდა რა ახლო ურთიერთობაში თანამშრომელთან“. თანამშრომლის თანამდებობა და სახელი გასაიდუმლოებულია, თუმცა საიტზე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეს კავშირი ურთიერთთანხმობის საფუძველზე მოხდა.

გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალისთვის“ (“The Wall Street Journal”) მიცემულ ინტერვიუში ამერიკული კომპანიის უკვე ყოფილმა მმართველმა, 52 წლის ბრიტანელმა სტივ ისტერბრუკმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და, შესაბამისად, მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად სამართლიანად მიიჩნევს.

ისტერბრუკი კომპანიას 2015 წლიდან ედგა სათავეში და ამ პერიოდის განმავლობაში „მაკდონალდსის“ აქციები 2-ჯერ გაიზარდა. 1-ლი ნოემბრის მონაცემებით, ერთი აქციის ღირებულება 193,94 აშშ დოლარს შეადგენდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ისტერბრუკი მართლაც რომ უნაკლო მმართველი იყო“.  2017 წელს სტივენმა 21,9 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა (მათ შორის, პრემიის სახით – 9,1 მლნ დოლარი), 2018 წელს კი – 15,9 მლნ.

სტივე ისტერბუკი მეუღლესთან განქორწინებულია. მათ სამი შვილი ჰყავთ.

კრის კემპინსკი

საიტი იმასაც იუწყება, რომ ისტერბრუკის ადგილი მისმა ყოფილმა მოადგილემ კრის კემპსინსკიმ (Chris Kempczinski) დაიკავა, რომელიც, ამასთანავე, დირექტორთა საბჭოშიც შევიდა. კემპსინსკი ადრე შეერთებულ შტატებში არსებულ კომპანიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

„მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც ფრენჩაიზინგის სისტემით მუშაობს, მსოფლიოში  სიდიდით მეორე ადგილზეა. მას 38 ათასი ფილიალი აქვს 100 მეტ ქვეყანაში. 2010 წლიდან კი პირველობა მას კომპანია „საბვეიმ“ (Subway) ჩამოართვა, რომელიც 40 ათასზე მეტ ფილიალს ფლობს მთელ მსოფლიოში.

კომენტარები