აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანიამ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს. წყვილმა ნიუ-იორკს ფლორიდა ამჯობინა, სადაც დონალდ ტრამპის კუთვნილ გოლფის კლუბ მარ-ა-ლაგოში, პრეზიდენტი ხშირად ატარებს უქმე დღეებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ნიუ-იორკში მილიონობით დოლარის ოდენობის როგორც შტატის, ისე ქალაქის გადასახადს ვიხდიდი, მე ძალიან ცუდად მეპყრობოდნენ როგორც ქალაქის, ისე შტატის პოლიტიკური ლიდერები“, – ტვიტერის საშუალებით ასე ახსნა დონალდ ტრამპმა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის გადაწყვეტილება.
ამასთან, დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ დროის დიდი ნაწილი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სურს გაატაროს მისამართზე: პენსილვანია ავენიუ 1600-, სადაც თეთრი სახლი მდებარეობს.
დონალდ ტრამპის მიერ მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შეცვლას ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო გამოეხმაურა: „ტრამპი სინამდვილეში აქ არანაირ გადასახადს არ იხდიდა. ფლორიდავ, წაიყვანე, ის შენია. გზა მშვიდობისა“, – აღნიშნა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა.
წყარო: radiotavisupleba.ge
კომენტარები