საზოგადოებასაქართველო

უწმინდესმა უთხრა: „რატომ მაყენებ შეურაცხყოფას?“ – წმინდა სინოდის სხდომის დეტალები

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ წმინდა სინოდის სხდომის სკანდალურ დეტალებზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

როგორც მეუფე სტეფანემ განაცხადა, სინოდის მთელმა შემადგენლობამ ყველაფერი გააკეთა, რათა პეტრე ცაავას მიმართ განყენების გადაწყვეტილება არ დამდგარიყო. მისივე ცნობით, პეტრე ცაავას მხრიდან შანტაჟის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

„ეკლესიის დანიშნულება არის, რომ გაცხონოთ თქვენ. ეს არის ჩვენი მოვალეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ღვთის შეწევნითა და ღვთის ნებით ვმოქმედებთ. ეს გადაწყვეტილება პატრიარქს არ მიუღია ერთპიროვნულად. საქმე რაშია, იყო ასეთი განწყობა, რომ ყველამ ყველას შეუნდოს და იყოს ყველანაირად ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენი ეკლესია გამოხატავდეს ყველას წინაშე ერთსულოვან პოზიციას. რადგან დაუსაბუთებელი ბრალდება არის ცილისწამება, არც ერთჯერ მას რეალური მტკიცებულება არაფერთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, არც სინოდზე, არც მანამდე, არც შემდეგ. არის მხოლოდ – ამან ის თქვა, იმან ის თქვა, ჭორაობის დონეზე. ზოგადად, არსებობს სულიერი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ მართალია და არავის უსმენს. ეკლესიურ ენაზე ამას ჰქვია ხიბლში ყოფნა. ეს ხიბლში ყოფნის მდგომარეობა მეუფე პეტრესი არის, როგორც დიაგნოზი.

მან არ დაგვიტოვა შანსი, არა იმიტომ, რომ მან ისეთი სკანდალური რაღაც თქვა, რომ ჩვენ შეგვეშინდა და აღარ ვიცით, რა ვქნათ – არა. ჯერ ერთი, მან, როცა დაიწყო საუბარი, აბსოლუტურად სხვა თემებზე ლაპარაკობდა, რომ თუ უწმინდესი პირობას მომცემს, რომ ასე და ასე გააკეთებს, მაშინ მე არაფერს ვიტყვი. მას უნდოდა სინოდალური მმართველობის შემოღება, ანუ თავისი რაღაც წინადადებები ჰქონდა. ოღონდ, იმ მომენტში ამ საკითხზე არ იყო საუბარი. ჯერ იყო საუბარი, რომ უწმინდესმა უთხრა, რომ რატომ მაყენებ შეურაცხყოფას. მას არ გაუცია პასუხი, რატომ აყენებს შეურაცხყოფას და დაიწყო იქ ლაპარაკი სხვა თემებზე. ეს იყო შანტაჟი მისი მხრიდან, მაგრამ რა დონის იცით, ყველა მიმართულებით, ანუ როგორი რაღაცაა იცით, ანუ მამალაძის საქმიდანაც შანტაჟი იყო, მისგანაც შანტაჟი იყო და ანუ ფაქტობრივად ისეთ დღეში აყენებდა სინოდს, რომ ჩვენ მისი შიშით არ გამოგვეტანა სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა გამოგვეტანა. აშანტაჟებდა რაღაც წერილით. მას ჰქონდა ასეთი სიტყვა და ეს წინასწარაც ნათქვამი ჰქონდა, რომ ესე იგი, თუ ისე არ იქნება, როგორც მას უნდა, რომ მამალაძე, როგორც გმირი და არაფერში არ არის დამნაშავე, რომ ეკლესია მის წინააღმდეგ იბრძვის და ა.შ. ეს ყველაფერ არის სიცრუე და ამის საპირწონედ უნდოდა ეთქვა, რომ ახლა მე თუ ვინმე რამეს მეტყვის, ამის გამო მე იმ წერილს გამოვაქვეყნებ, რომელშიც არ ის მრავალი სიბინძურე. ხოლო რა წერია იმ წერილში, მეუფე დიმიტრიმ თქვა, ფაქტობრივად, რომ მამალაძემ საზღვარგარეთ სადღაც გააგზავნა წერილი, წერილის შინაარსი არავინ ვიცით და კომპრომატებით ვითომ, თუ ახლა ჩვენ, მთლიანად სინოდი, ჭკვიანად არ მოვიქცევით, ამ შემთხვევაში იმ კომპრომატებს გამოააშკარავებს. რა კომპრომატებია, არავინ ვიცით“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კითხვაზე, რატომ მიიღო წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ, მღვდელთმთავარმა განმარტა, რომ ეს მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

„საქმე იმაშია, რომ, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. აქედან გამომდინარე, ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ ის მართალია და ციხიდან უნდა გამოვიყვანოთ, ვამბობთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიწყალოს პრეზიდენტმა. ეკლესიას შეუძლია, მიმართოს პრეზიდენტს თხოვნით, რადგან მას აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რადგან მისი ჯანმრთელობის საკითხი ასე მძიმედ ვითარდება, მისი ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ ვინმეს რამესი ეშინია“, – უპასუხა მეუფემ.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი სინოდის სხდომაზე უხამსად მოიქცა და სინოდის წევრები იძულებულები გახდნენ იგი სხდომათა დარბაზიდან ხელით გაეყვანათ.

„ჩვენ ვუხსნიდით, რომ შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის, მით უმეტეს, სასულიერო პირისთვის და, მით უმეტეს, პატრიარქისთვის – ეს არ არის მხილების ფორმა. საერთოდ, მხილება განსხვავდება ცილისწამებისგან იმითი, რომ მხილებისას ჯერ არგუმენტებია წარმოდგენილი და მერე დასკვნა კეთდება, ხოლო ცილისწამებაა, როდესაც ჯერ ამბობ და მერე პირდები საზოგადოებას და წმინდა სინოდს, რომ შემდეგ წარმოადგენ არგუმენტებს”, – მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მედიასთან განაცხადა, რომ პეტრე ცაავა ეკლესიისგან მთლიანად არ მოკვეთილა, გათავისუფლებულია მღვდელმთავრის მოვალეობისგან.

მეუფე საბას შეფასებით, მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება დაუსაბუთებელი ბრალდებაა. მისი თქმით, მეუფე პეტრემ ეს ბრალდება უნდა დაასაბუთოს.

„მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება. მან უნდა დაასაბუთოს ეს. ადამაინმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება. წმინდა სინოდში როდესაც ხდებოდა მეუფე პეტრეს საკითხის განხილვა, ჩვენ ვცდილობდით, მას გამოეთქვა სინანული, რადგანაც მღვდელმთავარი, თუკი ეკლესიაში პრობლემებია, სინოდის სხდომაზე უნდა საუბრობდეს. მან დაარღვია ეს კანონიკური წესი. მეუფე პეტრემ გადაგვიჭრა ყველა გზა. მე ვიყავი პირადად ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვაპირებდი სინოდის მღვდელმთავრების წინაშე დავჩოქილიყავი და მიგვეცა შანსი მისთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა ეს გზა. ბრალდება, რომელსაც ის აყენებს, უნდა დაასაბუთოს,“ – განაცხადა მეუფე საბამ.

marshalpress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close