27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია მოხდა.
ცნობილი ხდება დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მიაკვლიეს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელს და როგორ წარიმართა სპეცოპერაცია.
ერაყის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტემბერში მათ მოახდინეს სირიელი კაცის იდენტიფიკაცია, რომელიც ალ-ბაღდადის ძმებს, აჰმედს და ჯუმას თურქეთის გავლით იდლიბში ცოლების ფარულად გადაყვანაში დაეხმარა.
ამავე პირმა გადაიყვანა მალულად ალ-ბაღდადის შვილები ერაყიდან სირიაში. ერაყის დაზვერვამ სწორედ ამ პირის, მისი ცოლის და ალ-ბაღდადის ბიძაშვილის დახმარებით მისი გადაადგილების თაობაზე ინფორმაცია მოიპოვეს და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიაწოდეს.
ოქტომბერში უკვე მზად იყო ოპერაციის გეგმა, რომლის მიზანსაც ალ-ბაღდადის დაკავება ან მოკვლა წარმოადგენდა. აშშ-ის ეროვნული უშიშროების მრჩევლის, რობერტ ო’ბრაიენის თქმით, ოპერაციას „კაილა მიულერი“ დაარქვეს. კაილა მიულერი ორგანიზაცია „ექიმების საზღვრების გარეშე“ თანამშრომელი იყო. ის ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ დაატყვევა და მოკლა.
დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდადი იდლიბის პროვინციაში აბუ მუჰამედ ალ-ჰალაბის სახლს აფარებდა თავს. ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ალ-ჰალაბი მეტოქე ჯიჰადისტური დაჯგუფების, ჰურრას ალ-დინის ლიდერი იყო, რომელიც ე. წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერის ბრალდების გამო ადამიანებს სიკვდილით სჯიდა.
ალ-ჰალაბის თავშესაფარი გვირაბების კომპლექსის თავზე იყო აშენებული. სწორედ ამ გვირაბით გაქცევა სცადა ალ-ბაღდადიმ სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ.
აშშ-მა სპეცოპერაციის შესახებ რუსეთს, თურქეთს და ქურთ მებრძოლებს აცნობა.
ოპერაცია ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე დაიწყო. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ალ-ბაღდადის მოკავშირეებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამერიკელმა სამხედროებმა მოკლეს ე. წ. ისლამური სახელმწიფოს 9 წევრი. მათი ნაწილი ალ-ბაღდადის ოჯახის წევრი იყო. დაიღუპა ალ-ბაღდადის ორი ცოლი. მათ, სავარაუდოდ, თავი აიფეთქეს.
თავად ალ-ბაღდადი შენობის ქვეშ მდებარე გვირაბში მოიმწყვდიეს, რა დროსაც მან 3 ბავშვთან ერთად, რომლებსაც ცოცხალ ფარად იყენებდა, თავი აიფეთქა.
ჯარისკაცებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტებიც, რომლებმაც აფეთქების ადგილიდან აღებული ნიმუშები ალ-ბაღდადის დნმ-ს შეადარეს და დაადასტურეს, რომ კაცი, რომელმაც თავი აიფეთქა, მართლაც ალ-ბაღდადი იყო.
ამერიკელმა სამხედროებმა მოახერხეს 10 ბავშვის გადარჩენა, რომლებიც ალ-ბაღდადის სამალავში იმყოფებოდნენ.
„ალ-ბაღდადიმ საიდუმლო გვირაბით, ტირილითა და ყვირილით სცადა გაქცევა, ის არ მომკვდარა, როგორ გმირი, ის მოკვდა, როგორც ლაჩარი.
ბოროტმოქმედმა, რომელიც სხვების დაშინებას ცდილობდა, საკუთარი ცხოვრების ბოლო წუთები პანიკასა და შიშში გაატარა“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა, თუმცა შემდეგ, მიმდინარე წელს, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც 5 წლის შემდეგ ის პირველად გამოჩნდა.
18-წუთიან ვიდეოში, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა, ალ-ბაღდადი ისეთ საკითხებს განიხილავდა, როგორიც არის ტერაქტები შრი-ლანკასა და საუდის არაბეთში – ალ-ბაღდადი პასუხისმგებლობას იღებდა შრი-ლანკაზე მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც ქრისტიანულ ტაძარში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, ორგანიზაცია მათი მებრძოლების დაკავებისა და დახოცვისთვის შურისძიებას გეგმავს. უცნობია, ზუსტად როდის არის ვიდეო გადაღებული.
ალ-ბაღდადის ნამდვილი სახელი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრია. ის 1971 წელს ქალაქ სამარაში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით დაიბადა. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ 2003 წელს ერაყში აშშ-ის შესვლამდე ის ერთ-ერთ მეჩეთში სასულიერო პირი იყო, ზოგიერთი ინფორმაციით კი ალ-ბაღდადი სადამ ჰუსეინის მმართველობის დროსაც ჯიჰადისტი მებრძოლი იყო.
პირველად ალ-ბაღდადი 2010 წელს გამოჩნდა, როგორც ერაყში ალ-ქაიდას ლიდერი. 2014 წელს კი გავრცელდა მოსულიში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყში ხალიფატის დაარსებას აცხადებს.
ამის შემდეგ ალ-ბაღდადი არ გამოჩენილა და ვარაუდობდნენ, რომ ის საჰაერო თავდასხმებისას მოკვდა, თუმცა მიმდინარე წელს გავრცელებულმა ვიდეომ ეს ვარაუდი ეჭვქვეშ დააყენა.
tabula.ge
კომენტარები