სამზარეულო

მწვანილი ყინულის კუბებში – შესანიშნავი მეთოდი დიასახლისებისთვის

მწვანილის შენახვის რა მეთოდს არ გაიგონებთ – კონსერვაცია, დამარილება, გატარება. ამჟამად გაყინვაზე მოგითხრობთ, მართლაცდა, ძალზე უჩვეულოდ და ორიგინალურად გამოიყურება კუბებად გაყინული ცოცხალი მწვანილი და, რაც მთავარია, ამ გზით ის ყველა თავის სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს.

ამგვარი კრეატიული მიდგომა საშუალებას იძლევა სხვადასხვა კომბინაციის ნარევი დაამზადოთ და საჭირო დროს პირდაპირ ჩაუშვათ კერძში: დიასახლისის დროც დაიზოგება და ნერვებიც. აქ არანაირი დოზირება ან რაოდენობაში შეზღუდვა არ არსებობს, მთავარია თქვენი ფანტაზია.

ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მაგალითით წაგეშველებით.

* სუპისა და ბორშჩისათვის გაყინეთ ოხრახუში და კამა ქათმის, ხორცის ან ბოსტნეულის ბულიონში;

* მოშუშული ბოსტნეულისთვის, რაგუს, ფლავის ან სხვა ცხელი კერძებისთვის თქვენი საყვარელი მწვანილების ნაკრები გაყინეთ ზეითუნის ზეთში;

* ბუტერბროდებისთვის მწვანილი შეგიძლიათ პირდაპირ კარაქში გაყინოთ.

მწვანილის გაყინვა

ყინულის კუბების მოსამზადებლად შეგიძლიათ ყინულის ფორმები ან კარგად გარეცხილი კვერცხის  კონტეინერი გამოიყენოთ.

გარეცხეთ და გააშრეთ სასურველი მწვანილი და დაჭერით სილიკონის დანით. თქვენთვის სასურველი კომბინაცია მოათავსეთ ფორმებში. მოამზადეთ ძლიერად გაჯერებული ბულიონი (ქათმის, ხორცის ან ბოსტნეულის). თუ კარაქს იყენებთ, კარგი ხარისხის აარჩიეთ და გაადნეთ, თუ ზეითუნის ზეთი გნებავთ, ცივი დაწურვის აირჩიეთ.

დაუმატეთ ერთ-ერთი მათგანი (ბულიონი, კარაქი ან ზეთი) ფორმებში და 24 სთ საყინულე კამერაში მოათავსეთ. შემდეგ გამოიღეთ ფორმებიდან და პაკეტებში ჩააწყვეთ. პაკეტებს სჯობს დააწეროთ, რომელი მწვანილები გაყინეთ, რომ გამოყენების დროს მკითხაობა არ დაგჭირდეთ.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close