გასულ წელს პოლონეთმა ევროკავშირში ყველაზე მეტი ბინადრობის უფლება გასცა

პოლონეთი ბევრი უკრაინელისთვის მშობლიური სახლი გახდა. Getty Images-ის ფოტო
პოლონეთმა 2018 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ბინადრობის უფლება გასცა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის – ეს ციფრებში არის 635 ათასი ანუ მთლიანობაში ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ერთად გაცემული ბინადრობის უფლების 20%. ამის თაობაზე „პოლონეთის რადიო“ იუწყება ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის (ევროსტატი) მონაცემებზე დაყრდნობით.

მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით გერმანიაა – 544 ათასი ბინადრობის უფლება (17%), მესამეზე – დიდი ბრიტანეთი (451 ათასი ბინადრობის უფლება; 14%). შემდეგ მოდის საფრანგეთი (265 ათასი, 8%), ესპანეთი (260 ათასი, 8%), იტალია (239 ათასი, 7%) და შვედეთი (125 ათასი, 4%).

პოლონეთმა, აგრეთვე, ყველაზე მეტი (328 ათასი, 37%) ბინადრობის ნებართვა გასცა შრომითი მოწყობის საფუძველზე. დიდი ბრიტანეთი კი განათლების მიზნით ქვეყანაში ბინადრობის უფლების გაცემის მხრივ ლიდერობს (190 ათასი, 30%); გერმანიამ ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ (219 ათასი) ადამიანს მისცა თავშესაფარი.

გერმანია ლიდერობს, აგრეთვე, ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემული ბინადრობის ნებართვების ოდენობით (191 ათასი, 21%), ამ მაჩვენებლით მას მოსდევს ესპანეთი (134 ათასი, 15%), იტალია (122 ათასი, 13%) და დიდი ბრიტანეთი (101 ათასი, 11%).

რაც შეეხება იმას, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იღებენ ყველაზე ხშირად ევროკავშირში ბინადრობის უფლებას: ამ მხრივ უკრაინა ლიდერობს – პოლონეთში უკრაინელები იმ ადამიანების 78%-ს (527 ათასი) შეადგენენ, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა მიიღეს. მეორე ადგილზეა ჩინეთი – 206 ათასი, მათ ნახევარზე მეტს ბინადრობის უფლება ბრიტანეთმა მისცა. შემდეგ მოდის ინდოეთი (197 ათასი, მათგან 38%-ს ბრიტანეთმა მისცა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება), სირია (174 ათასი, 71% – გერმანიაში), მაროკო (127 ათასი, 45% – ესპანეთში), აშშ (120 ათასი, 36% – დიდ ბრიტანეთში), ბრაზილია (88 ათასი, 32% – პორტუგალიაში), თურქეთი (80 ათასი, საიდანაც 29%-მა გერმანიაში მიიღო ბინადრობის უფლება) და რუსეთი (75 ათასი, მათგან 18%-ს გერმანიამ მისცა ამ ქვეყანაში ბინადრობის უფლება).

მოამზადა ნიკო აბაშიშვილმა

კომენტარები