20-21 ივნისის დაშავებულ 16 პირს, მათ შორის, მაკო გომურს სასამართლომ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 20-21 ივნისის დაშავებული 16 პირის მოთხოვნა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე 16-ივეს უარი უთხრა, მათ შორის, მაკო გომურსაც, რომელმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო თვალი დაკარგა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) დაზარალებულთა სახელით სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბერს მიმართა – მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მათ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. საიას ცნობით, 16-კაციან სიაში, რომელთათვისაც დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ, 8 ჟურნალისტია, 8 – ჩვეულებრივი მოქალაქე. ყველა მათგანმა, საიას მტკიცებით, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 20-21 ივნისს სამართალდამცველთა მხრიდან, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მიიღო.
საიას საჩივარი სასამართლომ 3 დღის წინ – 25 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა, თუმცა დასაბუთებული განაჩენი მათ დღეს ჩაბარდათ.
ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, სასამართლო ბოლო შანსი იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება.
„პირველად რომ მივმართეთ პროკურატურას, რაღაცნაირად ვიცოდი, რომ უარყოფა იქნებოდა, მეორედ მეგონა, რომ დადებითი პასუხი იქნებოდა, სასამართლოზე დარწმუნებით ვიცოდი, რომ დადებითი პასუხი მოვიდოდა, მაგრამ აქედანაც მივიღეთ უარი“, – თქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაკო გომურმა.
„მათ ნაწილს დაზიანებები რეზინის ტყვიების გამოყენების, ხოლო ზოგიერთ მათგანს – პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიადგათ. სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნულმა პირებმა დაზიანებები 20-21 ივნისს მიიღეს. მიუხედავად ამისა, არც პროკურატურამ და არც სასამართლომ ისინი დაზარალებულებად არ ცნო“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
20 ივნისს, საღამოს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, რომელიც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის გასაპროტესტებლად გაიმართა, მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად დაზარალდა ასობით ადამიანი, მათგან 240 (80 სამართალდამცველი) საავადმყოფოში გადაიყვანეს, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგეს.
ნინო ხოშტარია
მსგავს თემაზე: „ნახეთ, ნახეთ, ნახეთ, მე და ახალი თვალი“ – მაკო გომური
კომენტარები