ნუკა ყარალაშვილი: „ჩემს ცხოვრებაში ახალი, საინტერესო და სასიამოვნო ეტაპი დაიწყო!..“ – „მის საქართველო“ დაოჯახდა
„მის საქართველო“ნუკა ყარალაშვილი ახლახან დაოჯახდა. როგორც თავად ამბობს, მისთვის ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც ძალიან სასიამოვნო და, რაც მთავარია, საინტერესოა. პარალელურად, იგი არ წყვეტს საკუთარი პროფესიით მუშაობას და მალე „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულზე ჩვენებებზე გამოვა, თუმცა დიდი ხნით საზღვარგარეთ სამუშაოდ აღარ წავა. როგორც გვითხრა, თავად გადაწყვიტა ასე, რადგან მეუღლესთან ყოფნა სურს.
წყვილმა ჯვარი დაიწერა და ასე ვთქვათ, მინიქორწილიც ჰქონდათ. ნუკას რჩეული ზაზა ტყეშელაშვილია, ის საკუთარი ბიზნესითაა დაკავებული.
ამჟამად წყვილი სახლს არემონტებს. ნუკას სურს, შინ მყუდრო გარემო შეიქმნას.
ნუკა, სანამ შენი დაოჯახების თემას შევეხებით, საინტერესოა, კარიერაში თუ გაქვს სიახლე?
საინტერესო ამ ეტაპზე ხდება ის, რომ თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეული იწყება. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოდიან მედიის წარმომადგენლები და ბაიერები, რაც ჩვენს ქვეყანაში მოდის ინდუსტრიის განვითარებას ძალიან წაადგება. ასე რომ, მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო ღონისძიება არ არის, თუმცა მოდელები, რა თქმა უნდა, ჩვენებებზე დაკავებულები ვართ. ამ ყველაფრის ორგანიზატორი, რა თქმა უნდა, არის სოფო ჭყონია. ვემზადებით მოდის კვირეულისთვის.
რაც შეეხება უცხოეთის კარიერას, ახალი დაოჯახებული ვარ და ამ ეტაპზე დიდი ხნით წასვლას არსად ვგეგმავ. თუკი კონკრეტულ გადაღებაზე მიმიწვევენ, აუცილებლად წავალ, მაგრამ არა კასტინგებზე. ჩემი სააგენტო IC Model Management ყველანაირად ცდილობს, კარგად „შემფუთოს“, რომ პირდაპირ სამუშაოზე ჩავიდე.
ვფიქრობ, უცხოური კარიერის მხრივ, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. ორი-სამი თვით აღარ წავალ, რადგან თავად აღარ მინდა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მეუღლესთან ერთად მინდა ყოფნა. გარდა ამისა, ცოტა ასაკიც მემატება. 28 წლის გავხდი. ჩვენს პროფესიაში არ მიიჩნევა ცოტად, თუმცა მთავარია, როგორ ფორმაში გაქვს სხეული, სახის კანი…
ჯერჯერობით თბილისში ვარ, არსად მივდივარ და, ასე ვთქვათ, მოშვებული ვარ.
საკუთარ მომავალს უფრო სად ხედავ?
სამოდელო სფეროსთან მაინც მექნება შეხება იმიტომ, რომ ჩემი ნაწილია; იმიტომ, რომ 15 წლიდან ამ საქმით ვარ დაკავებული. კასტინგებზე სიარული, უცხოეთში გამგზავრება – ეს უკვე მოვილიე. ახლა, ალბათ, სხვა ეტაპზე გადავალ, რა იქნება, ჯერ არ ვიცი ზუსტად. მოვიფიქრებ.
ჩემთვის ახალია დაოჯახება. ჩემს საყვარელ ადამიანთან, ზაზა ტყეშელაშვილთან ერთად გადავედი საცხოვრებლად. ეს სიახლეა, დედასა და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი… აქამდე მარტო ვიღვიძებდი, ახლა – აღარ. სასიამოვნოა, თანაც უცნაური, მაგრამ საინტერესო. რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანთან ერთად გაღვიძება გიხარია, თან ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა.
თურმე, სახლის საქმეებს დაგეგმვა სჭირდება, რაც აქამდე არ ვიცოდი. თბილისში ბებია მანებივრებდა, უცხოეთში დამლაგებელი მოდიოდა. დამხმარეც გვეყოლება, მაგრამ სახლის საქმეების მოწესრიგება არ ყოფილა ადვილი საქმე. ვისაც შვილები ჰყავს და თან სამსახურიც აქვს, ჯერ მაქამდე ვერ მივედი, როგორ ახერხებენ (იღიმის).
ჯვრისწერა გქონდათ უკვე…
დიახ, ჯვარი დავიწერეთ. ჯვრისწერისთვის სადა კაბა შევარჩიე, რომელიც თამუნა ინგოროყვას ეკუთვნის. ჯვრისწერის შემდეგ ჩემი მეუღლის სახლის ეზოში გვქონდა წვეულება, რომელიც უფრო მოკრძალებული გვინდოდა ყოფილიყო, მაგრამ მინიქორწილივით გამოვიდა. ასე რომ, ახლა ვფიქრობთ, ქორწილის გადახდას აზრი არ აქვს, თუმცა ბევრი ჩემი უცხოელი მეგობარი მირეკავს, რა ხდებაო.
ფართო საზოგადოებამ არ იცოდა, რომ შეყვარებული იყავი…
რაღაცებს ვდებდი ხოლმე სოციალურ ქსელებში, მაგრამ არა ისე აქტიურად, – გამარჯობა, აი, შეყვარებული მყავს-მეთქი. ვიფიქრე, რომ გამარჯობა, გავთხოვდი უფრო ეფექტური იქნებოდა (იცინის). უამრავმა ადამიანმა მომილოცა. იმდენად დიდი ინტერესი იყო, ჩემს „ინსტაგრამზე“ ნახვებს რომ შევხედე, ვერ დავიჯერე.
სიყვარულის ამბავი როგორია?
ერთი წელი შესრულდა ოქტომბერში, რაც ერთად ვართ. დიდი ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი. თავად ცდილობდა ჩემი გულის მოგებას, მაგრამ მე სულ სადღაც ვიყავი და ჩვენი დაახლოება ვერ მოხერხდა. იშვიათად, შემთხვევით თუ შევხვდებოდით ერთმანეთს. თავიდან დიდად არც მომწონდა. ხომ ასე იწყება ყველაფერი? წლების მერე, როცა მხვდებოდა, კარგ გამარჯობას ვეუბნებოდი. შარშან შეხვედრისას თითქოს სხვა ადამიანი დავინახე. ცოტა გავიპრანჭე. იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
შენ ძალიან მხიარული ადამიანი ხარ. ჰგავხართ ერთმანეთს ხასიათით?
ზაზაც ძალიან მხიარულია. ერთმანეთს ძალიან ვგავართ, რადგან ზოდიაქოთი ორივე სასწორები ვართ. ხანდახან ძალიან ერთნაირები ვართ, ზოგჯერ ამის გამო „ვეჯახებით“ ერთმანეთს, ზოგჯერ – ვაბალანსებთ. ზაზას არ უჭირს გადაწყვეტილების მიღება, მე კი – ძალიან დიდხანს ვფიქრობ.
როგორც ვიცი, სახლს არემონტებთ…
ახლა გვაქვს რემონტი. დროებით სხვაგან ვცხოვრობთ, სანამ ჩვენი ბინა დასრულდება. დილიდან დაღამებამდე ამ საქმით ვარ დაკავებული. ორივე მაქსიმალურად ჩართულები ვართ. ვცდილობთ, მყუდრო და ლამაზი სახლი გამოგვივიდეს. ჩემი საყვარელი მეორე ნახევარი მეხმარება და იმედი მაქვს, რომ კარგი სახლი გამოვა. შეიძლება, სახლი ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ თავს კომფორტულად ვერ გრძნობდე.
28 წელი დასაოჯახებლად კარგი ასაკია. როგორ მოხდა, რომ აქამდე არ დაოჯახდი?
მეც მივიჩნევ, რომ კარგ ასაკში დავოჯახდი. ოჯახის წევრებმა ზუსტად იცოდნენ ჩემი ხასიათი და იცოდნენ, რომ ადრე არ გავთხოვდებოდი. მინდოდა მუშაობა, გართობა, მოგზაურობა. ახლა გადავედი სხვა ეტაპზე, რაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. ცხოვრების დინებას მივყვები და ეს ძალიან მსიამოვნებს.
ნინო მურღულია
fortuna.ge
კომენტარები