ქართველები უცხოეთში

ლანა ბიბილურიძე: „მივმართავ მათ, ვინც ემიგრანტებს აუგად იხსენიებს“

თვალსაზრისი
საქართველო – მრჩეველთა, კრიტიკოსთა, განმკითხველთა ქვეყანა. ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი რჩევა გაიცემა, ქვეყანა, სადაც უმეტესად უსამართლო კრიტიკის ქვეშ გატარებენ. ყველაფრის მცოდნე ერი.

იბადება კითხვა: თუ ყველამ ყველაფერი ასე კარგად ვიცით, რატომ გვენგრევა თავზე ქვეყანა? რატომ არის გადაშენების პირას? გადაშენების ტოლფასი არაა თუნდაც არსებული ემიგრაცია?! ლუკმა პურის საშოვნელად გადახვეწილი ადამიანები? „სამშობლო მხოლოდ მინდორი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა“. დაიცალა ქვეყანა, შეცოტავდა ქალაქები, სოფლები. „ეს ლიქოკი, ეს არხოტი, ცარიელა ეს პარტახი საიგავო, მეშინია ეს სამოთხე, ეს წალკოტი სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს!“

გამართლდა მურმან ლებანიძის სიტყვები. მოვიდნენ და დაიკავეს, ქართველები კი წავიდნენ. ქართველმა ქართველი გააქცია საკუთარი მიწიდან, საკუთარი სახლიდან. „მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს? არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს? და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია? იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე: თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე. საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში, თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს. მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით. იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია, და ან მაჩაბელს გაუწოდა ტყვია სამიზნე…“

„ადამიანისთვის არ არსებობს უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ის, როცა იგი საკუთარ მდგომარეობაში ვერ ერკვევა“. როდის გვინდა გამოვერკვიოთ, რა ხდება?! როდის ისწავლის ქართველი ქართველის დანდობას, სიყვარულს, მეგობრობას, ერთიანობას, ერთმანეთის ტკივილის გულთან მიტანას? აკრიტიკებენ სამშობლოდან გადახვეწილებს, რატომ არ ბრუნდებიან, რომ ცხოვრება აწყობილი აქვთ, რატომ არ ეხმარებიან ყველას, რატომ წერენ ლექსებს, რატომ აქვთ ლექსების კრებულის გამოსაცემი ფინანსები, არიან ჩასაფრებულნი ყველა სიტყვასა და ამოსუნთქვაზე.

ხალხნო, რატომ არ ჩავსაფრდებით სხვა კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე?! ნუთუ არ გტკივა შენი სახლის ქუჩის ბოლოს ხელგამოწვდილი ადამიანი დახმარების იმედად, იმ ქუჩის ბოლოს შენი სახლის გასწვრივ მდგარი ნაგვის ურნა, სადაც მშივრები ნაგავში ეძებენ შველას, შენი ქუჩის ბოლოს მდგარი პოლიციის შენობა, სადაც შესაძლოა უსამართლოდ ექცევიან შენს მოქალაქეს, სასამართლო, სადაც შესაძლოა უდანაშაულოდ დიდი სასჯელი მიუსაჯონ განსასჯელს, შენი სახლის ბოლოს ციხე, სადაც პატიმარი უსამართლობის მსხვერპლია და ან შერჩევითი სამართლის. იმ ქუჩის ბოლოს, სადაც ცხოვრობ, შენი მეზობელი მოხუცი, რომელსაც წამლის ფული არა აქვს…

ნუთუ არ გტკივა ემიგრაცია, დაცლილი ქვეყანა და ჩვენ ამ ფონზე რას ვაკეთებთ?! ფეისბუქი გავიხადეთ საბრძოლო ველად, სოციალური ველი გამხდარა ჩვენი „დიდგორი“, ჩვენი „კრწანისი“, ვებრძვით და ვის, რას? „კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს“. ვუნგრევთ, ვაკრიტიკებთ და რა გაქვთ შექმნილი უკეთესი, სხვა საკუთარ თანამოქალაქეზე უკეთესი?! და თუ უკეთესნი ხართ, გახსოვდეთ, „უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, როცა მას მაღალი ზნეობა და ღმრთის მოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა აქვს“. „ქართველ მოღვაწეს ყველას თვალში ვამცირებთ!.. სიცოცხლეში ვატირებთ, რომ მოკვდება, ვიტირებთ!“ რატომ ხედავ „ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?“

საქართველო, ჩვენი „არწივი“, დაიღალა: „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეცადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარ დგებოდა“. დაიღალა საწყალი საქართველო. ქართველები. რას ვერჩით ემიგრანტებს, რა გვშურს, ფული? თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ემიგრანტი, მაგრამ არ ხდებით, რადგან ვერ ტოვებთ ოჯახს? ჰო, როგორ გაძლებთ, როცა სოციალური ქსელის გარეშეც კი ვეღარ ძლებთ, შვილების, ოჯახს მოწყვეტილი გაძლებთ? ეს ცოცხლად სიკვდილს უდრის. შეძლება შვილის უნახავად გაძლოთ ათი, თხუთმეტი წელი? ასეთი ემიგრანტებისგან მოველით დახმარებას და გვშურს მათი?! იქნებ აქცენტები არასწორად გაქვთ შერჩეული, ემიგრანტების ლექსებზე გაქვთ პროტესტი, გრამატიკულ უზუსტობებზე, უფრთხილდებით ქართულ ენას და რატომ გავიწყდებათ, თუ საქართველო დაიცალა გადაშენდა, ენაც დაკარგულია…

„სადღა არის ეხლა ქართული ენა? ან გვინდა კი ქართული, როცა ჩვენ თვითონ ჩვენდა დასაღუპავად ქართველობაზედ ხელი ავიღეთ? გონებით რომ აღარ ვცხოვრობთ, ქართულს ენას აზრს როგორღა გამოათქმევინებთ? ერთობისათვის რომ აღარა ვართ, ერთნაირს სიტყვის მნიშვნელობას როგორ მოვსთხოვთ ჩვენს ენასა? თუნდ რომ ჩვენს ენას და სიტყვას აზრიც გამოათქმევინოთ, ვის რად გინდათ, ენას აზრს ვინღა სთხოვს?! ჩვენ თვითონ დავცარიელდით გუდაფშუტასავით, ცალიერი სიტყვებიღა გვინდა, ცალიერი ხმები, რომ ენამ პირში იშტვინოს და ყურმა ძარღვი იფხანოს. სხვა რისთვის გვინდა ენა? საერთო სახელი ქართველი კერძოობითად გავხადეთ, მამული დანეხვილ ნაფუძვრად გარდავაქციეთ, პატივი – ნეხვად, თავი – გოგრად, და ჩვენი უადამიანობა იქამდინ მივიყვანეთ, რომ კაცი კაცს აღარ ნიშნავს, თუ ზედ კაცური არ დავამატეთ, და მის შემდეგ კიდევ გინდათ, რომ ენა გვქონდეს?“ დიახ, ენა უნდა დავიცვათ და ასევე სხვა საკითხების დაცვაზეც უნდა ვიფქროთ, ნუთუ არას ნიშნავს გალაკტიონის სიტყვები:

„მშობლიური ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს სიმართლეს, სისხლით ნაპოვნ გზებს დავიცავ! … რომ დავიცავ იმ მომავალს, იმ მომავლის მზეს დავიცავ! … რომ დავიცავ შენს მშვიდობას, შენს მთასა და ზღვას დავიცავ! … რომ დავიცავ ერთა ძმობას, მეგობრობის ფიცს დავიცავ!“

რატომ მხოლოდ ილიას ეს სტრიქონები გვაქვს ფარად: „ჩემზედ ამბობენ: „ის სიავესა ქართლისას ამბოს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია!“ ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს, ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია“. ილიას ასევე უთქვამს: „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? … მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი, არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი“. ან თუნდაც: „მითხარ, სადღაა მამაპაპური მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური, სახელისთვის ამაყი თრთოლა, მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?“ დღეს კი რას და როგორი მეთოდებით ვებრძვით? დაცინვა, შური, ირონია, განკითხვა – ესაა ჩვენი ფარიც და მახვილიც.

ნუთუ ვერ ხედავთ გმირები „უძეგლოდ“ იღუპებიან. ჩვენ ის ერი ვართ, ფიროსმანი რომ კიბის ქვეშ მოკლა. ვინ იცის, კიდევ რამდენ „ფიროსმანს“ კლავს ჩვენი ღვარძლი, გულგრილობა, შური“. „მოკვდა თუ არა ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა“. ჩვენ ის ერი ვართ, ვინც ქვეყნიდან გააქცია გიორგი სააკაძე. „თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ კარგი შვილები რად გვებადება? შვილის სიკეთე მშობელს შეშურდეს, ნამდვილ მშობელსა ეს ეკადრება? ცრემლები მახრჩობს, ვეღარას ვამბობ, კარგის დაღუპვა რად გვენატრება, ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ, არ გეკადრება, არ გეკადრება!“

არ დაიღალეთ მუდმივი ქილიკით, სხვისი ცხოვრების განხილვით, ცდილობთ სხვას აუწყოთ, სხვას გაუსწოროთ, სხვას დაანახვოთ შეცდომები, თუ ასე იცით ყველაფერი, მაშინ თქვენს ცხოვრებას რატომ არ იწყობთ, თქვენს შეცდომებს რატომ ვერას უხერხებთ? მე არ მწამს „კრიტიკოსების“, ვფიქრობ, მათ საკუთარი „უმნიშვნელობა“ აწუხებთ და სხვათა „მნიშვნელობას“ ვერ იტანენ. თვით სოკრატემ თქვა, მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო. რატომ გვავიწყდება საკუთარ თავზე მუშაობა? არ მოგბეზრდათ სულ სხვაზე სხვის შეცვლაზე მუშაობა? კრიტიკა საკუთარი თავიდან დავიწყოთ და ეს გამოვიტანოთ საჯაროდ. მაგრა ჩვენსას საგულდაგულოდ ვმალავთ, სხვისას კი არა. „თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა“.  „არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი, ახჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე“. „რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს ახალი თაობა, უნდა ვენდოთ მათ, ისინი არიან ჩვენი მომავალნი, არიან ჩვენი დანატოვარი, და რარიგ დიდი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ხალხს, ისინი მაინც მომავლით უნდა ცხოვრობდეს“.

მაინც რა არის ჩვენი მთავარი უბედურება? ქართველ კაცს ღუპავს ამპარტავნება, ერთმნეთის მიმართ მტრობა. ერთი მუჭა ჩვენი ქვეყანა როდის იქნება ბედნიერი, როცა მოვრჩებით სხვის ფანჯრებზე ჭუჭყის წმენდას და ჩვენი მინების წმენდას შევუდგებით. ნუთუ ასე ძნელია დავიწყოთ საკუთარი თავით?„სიგლახეს ჩვენსას დავაბრალებთ უცხოს ნურავის! – თვითდაკვირვების მოვიმარჯვოთ დროა, უნარი! მიზეზი ყოვლის, რა სიგლახეც ჩვენში მძვინვარებს! – თქვენ როგორ ფიქრობთ?! – რაა?! ვინ არი?!“

ვხედავ, არ ჭრის ეს ტაქტიკა – ღვარძლიანი კრიტიკა. მეტი გაგება, სითბო, სიყვარული დავანახვოთ ერთმანეთს, სანამ შეცდომებზე დაუწყებ საუბარს, ჯერ დადებითიც უთხარი, მხოლოდ ცუდს რატომ ვეძებთ ერთმანეთში?!  რით ვაშენებთ ქვეყანას, რას ვიყენებთ მასალად? მტრობას, ერთმანეთის ნიჭის ჩაკვლას, გაუტანლობა, ერთმანეთის სულის დაჭრას? ემიგრანტებო, არ მოდრკეთ, თქვენ გმირი დედები ხართ, თქვენ გადაარჩინეთ საქართველო, თქვენ გაწირეთ, დათმეთ საკუთარი ცხოვრება ოჯახისათვის, სამშობლოსათვის, – ქართული ოჯახის გადარჩენა ხომ იგივე სამშობლოს გადარჩენაა.

თქვენი დამსახურებაა, რომ შიმშილი ააცილეთ მამულის შვილებს. თქვენ მსხვერპლი ხართ უსამართლობის, რატომ უნდა იყვნენ ევროპაში ჩვენზე კარგად მცხოვრებნი?რატომ უნდა შეეძლოს უცხოელ მოხუცს უზრუნველყოს საკუთარი თავი დამოუკიდებლად, ჩვენი მოხუცები კი დამოუკიდებლად კი არადა, ოჯახის, სანათესაოს ერთობლივი დახმარებითაც კი ვერ ახერხებენ წელში გამართვას. რატომ უნდა იყოს საზღვარგარეთ ბევრი სამუშაო ადგილები უცხოელთათვის და მაღალი ხელფასი, საქართველოში კი ცოტა სამუშაო და გროშებად შეფასებული შრომა?! – უამრავი განსხვავების ჩამოთვლა შეიძლება.

მივმართავ მათ, ვინც ემიგრანტებს აუგად იხსენიებს: სანამ რაიმეს იტყოდეთ ემიგრანტებზე, ჯერ თავად გახდით ემიგრანტები და მერე შეაფასეთ. სანამ რაიმეს განიხილავდეთ, ჯერ ის იტირეთ, საკუთარ ქვეყანაშივე რომ ემიგრანტად ქცეულხართ, კომპიუტერს მიკედლებული, სამშობლოსგან მიტოვებული… სანამ რაიმეს იტყოდეთ, გებრალებოდეთ თქვენივე თავი, რადგან რამდენს წაართვით ღირსება, რამდენს წაართვით სამშობლო თქვენი გულგრილობით, სხვისი ტკივილის მიუღებლობით, გებრალებოდეთ თქვენი თავი, რადგან რამდენს მოუკალით სული, გული, ნიჭი ღვარძლით, გებრალებოდეთ თქვენი თავი, რადგან აღარ გაღელვებთ სამშობლოს თანამემამულეთა ბედი, გებრალებოდეთ თავი, რომ უფალი დაგმეთ. უფლის სახელით, ბრძენის სახელით, ლიტერატურის სახელით, ჭეშმარიტების სახელით ღაღადებთ და მუდმივად განიკითხავთ.

ამ ყველაფრის მერე გმირ დედებს ლანძღავთ? მათ უკვე ჰქმნეს საქმენი საგმირონი, ახლა თქვენი ჯერია, რასა იქმნთ?!  სად დაბრუნდეს ემიგრანტი, სადაც სხვას სხვის ტკივილი არ სტკივა, სადაც ერთობა დაკარგულია, სადაც შრომა თითქმის უფასოა, სადაც ნიჭს, სილამაზეს ასამარებენ. იქ, სადაც მარიტა ჩაქოლეს..  სადაც გარეგნობით აფასებენ ადამიანს… სადაც განსხვავებული ადამიანი დაგმობილია…

ემიგრანტებო, გახსოვდეთ: თქვენში დიდი ადამიანია, დიდი სულია, არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც იტყვიან თქვენ მიმართ, გაიხსენეთ, ხალხმა აცვა უფალი ჯვარს… მერე იწამა. თქვენ გამარჯვებულნი ხართ, გამარჯვებული არ ყვირის, დამარცხებული ყვირის, ნუ იქნებით სხვის შეფასებაზე ორიენტირებული, გაიხსენეთ თუნდაც ჯუზეპე ვერდი, კონსერვატორიაში რა უთხრეს კარიერის დასაწყისში: „შეეშვით ფიქრს კონსერვატორიაზე“. უოლტ დისნეი კი კარიერის დასაწყისში გამოუშვეს გამომცემლობიდან „წარმოსახვის არქონის და ხატვის არცოდნის“ გამო. მაიკლ ჯორდანი გამოაგდეს კალათბურთის გუნდიდან ახალგაზრდობაში, სტივ კინგის ნოველა „კერი“ ოცდაათმა რედაქტორმა დაიწუნა, ბოლოს მაინც მოიპოვა აღიარება.

ემიგრანტებო, ნუ შეუშინდებით ქილიკს, შურს, მიკერძოებას, გააგრძელეთ მოღვაწეობა, გინდ იმღერეთ, იცეკვეთ, გინდ დახატეთ, წერეთ ლექსები… დრო, ისტორია ყველაფერს იტყვის. თქვენ კი „კრიტიკოსებო“, ნურავის აუკრძალავთ ნურაფერს და ნურც კატეგორიული იქნებით, თქვენ თავად რას, ვის სიტყვას ითვალისწინებთ. „ოდნავადაც ნუ შეშფოთდებით, თუ თქვენ კეთილ რჩევას არ ისმენენ, ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს, ამის გამო არ გვსჯის“. „გვებრალებოდეს საშოვარს გადაგდებული, გათითოკაცებული ყოფილი ერი“. არ დავივიწყოთ ჩვენი ისტორია, „ჩვენი ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“, ჩვენი გმირები, ჩვენი ცხრა ძმა ხერხეულიძე. . გავიხსენოთ, როგორო მტკიცე იყო ქართველობა. „ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი, გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი“. დროა გამოვფხიზლდეთ: „ოხ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“

და ამ სტრიქონებით დავასრულებ: „უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, ცოდვილნიც, უცოდველიც, დიდებიც, პატარებიც“. ყველამ ვიპოვოთ საკუთარ თავში უფალი და ღმერთმა გვაპოვნინოს ჩვენს თავში ნიჭი და აღმოგვაჩენინოს სხვა ადამიანებშიც, შევძლოთ, დავაფასოთ ადამიანები, უფალმა გვაპოვნინოს საკუთარი თავი და ვიყოთ სამართლიანნი როგორც ჩვენი თავის, ისე სხვათა მიმართ, თუ მაინც უნდა გავაკრიტიკოთ, იყოს ეს კრიტიკა კეთილგანწყობილი, ჯანსაღი, სამართლიანი…

ლანა ბიბილურიძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close