ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული ტალანტშოუს მონაწილე გახდება

მალე უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ერთ-ერთ ამერიკულ მუსიკალურ კონკურსში – ტალანტშოუში მიიღებს მონაწილეობას. ალექსანდრეს დიდი სურვილი აქვს, რომ პოპულარულ ბრიტანელ შემსრულებელთან, ჯესი ჯეისთან დუეტი ჩაწეროს და კიდევ ბევრ რამეზე ოცნებობს. იგი ამბობს, რომ ოცნებას აზრი ყოველთვის აქვს…

ალექსანდრე ზაზარაშვილი:

დავით ღვინიანიძის ფონდმა საქართველოში, კერძოდ, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ნიჭიერი ბავშვების შესარჩევად კონკურსი გამართა. მე თბილისის ტურში მივიღე მონაწილეობა. ბატონმა დავითმა 11 ბავშვი შეარჩია და საკუთარი სახსრებით, ისე, რომ ჩვენ არაფერი დაგვიხარჯავს, წაგვიყვანა და შესაძლებლობა მოგვცა, გამოვსულიყავით კარნეგი ჰოლის სცენაზე. ამ პროექტში კლასიკური სიმღერები შევასრულე და გავიმარჯვე. როცა გამარჯვებულად გამომაცხადეს, ძალიან დიდი ემოციები მქონდა. ჩემი და დედაჩემის ოცნება იყო, რომ აშშ-ში მემღერა, ამიტომაც დიდ სიხარულს უკავშირდება ეს გამოსვლა. ეს ყველაფერი „ვოისამდე“ მოხდა. ეს კონკურსი უკვე შემდეგ იყო. რაც შეეხება აშშ-ს, იქ გვქონდა სხვადასხვა ქალაქში გამოსვლები.

და ვიცი, რომ პოპულარულ კონკურსში მიგიწვიეს…

აშშ-ში ყოფნის ბოლო დღე იყო, როდესაც ერთ-ერთი პოპულარული შოუდან დაგვირეკეს, გამომცადეს, მამღერეს და ინგლისურად მალაპარაკეს. დამამატკიცეს ამ შოუზე და ამ დღეებში ველოდები, როდის მომწერენ.

როგორ ფიქრობ, ამერიკულ აუდიტორიას მოაწონებ თავს?

თუნდაც ამ შოუში გამოსვლა უკვე დიდი მიღწევა და დიდი ბედნიერება იქნება. ჩემს ასაკში ამხელა წარმატება ღმერთის საჩუქარია.

იქ გინდა კარიერის გაგრძელება?

აუცილებლად. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, გავხდე მსოფლიო მომღერალი და ყველაზე დიდი შანსი სწორედ აშშ-ში მაქვს, თუმცა სადაც ვიქნები და რასაც გავაკეთებ, ყველგან ჩემი ქვეყნის სახელით გამოვალ. ამაში ყველა უნდა იყოს დარწმუნებული, რადგან ჩემი ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს.

ჯესი ჯეისთან დუეტის ჩაწერის იდეა მართლა არსებობს?

ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა, ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ განვითარდება.

მის გარდა კიდევ ვისთან ჩაწერდი დუეტს?

ჯესიზე მართლა ვაფრენ, ვაბოდებ და ყველა მისი ვიდეო ნანახი მაქვს. თუ მასთან ერთად დუეტს ვერ ჩავწერ, ვისურვებდი, რომ ან ბიონსესთან, ან ჯენიფერ ჰადსონთან ჩამეწერა ერთობლივი სიმღერა. თუკი ბიონსესთან ერთად ვიმღერებ, შევასრულებდი მის სიმღერას I Was Here, გულშიჩამწვდომი სიმღერა, სადაც ბიონსე ყვება, როგორ ცხოვრობენ შავკანიანი ბავშვები და ამბობს, რომ ისიც ასე იყო. დიდ სცენაზე გამოდის და ამის შესახებ ყვება, ამიტომაც არის ძალიან ღირსეული ადამიანი.

ბავშვთა სახლში საჩუქრები ჩაგიტანია…

აშშ-ში კონცერტების დროს, რომელსაც ბევრი ქართველი ემიგრანტი ესწრებოდა, ბევრი რამ მაჩუქეს. მინდოდა, იგივე განცდა დაუფლებოდათ იმ ბავშვებს, რომლებიც ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ. ამქვეყნად სხვანაირი ბავშვები არ არსებობენ, ყველანი ერთნაირები ვართ. როდესაც აშშ-დან დავბრუნდი, წავედი ქარელის ბავშვთა სახლში, საჩუქრები მივიტანე. შემდეგ ჯერზეც აუცილებლად ჩავალ. უკვე ვკითხე, რა გაუხარდებათ.

„ვოისში“ მონაწილეობისას ქართველები ძალიან გგულშემატკივრობდნენ…

არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ნეგატივი გამოეთქვას ჩემ მიმართ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

როგორ ფიქრობ, მიაღწევ დიდ წარმატებას სხვა ქვეყანაში?

აუცილებლად!.. თუ არ იოცნებებ, შესაბამისად, არც არაფერი გექნება. როცა დიდ რაღაცებზე ოცნებობ, უფრო მეტად გინდა, რომ სიმართლედ იქცეს. თანდათან მივდივარ ოცნებების რეალობად ქცევისკენ.

შენი ოჯახის წევრები როგორ გეხმარებიან ამაში?

მათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. მსოფლიოში ბევრი ნიჭიერი ადამიანი არსებობს, მაგრამ მშობლები თუ გვერდით არ დაუდგნენ, არაფერი გამოუვათ. ბევრი კარგი მშობელია, მაგრამ შვილი არაა ისეთი ნიჭიერი… ორივეს ხელშეწყობა უნდა იყოს.

რომ არა მომღერალი, რა პროფესიის იქნებოდი?

მსახიობი. კარგად შემიძლია ადამიანების გაჯავრება (იცინის). ვფიქრობ, მსახიობობა იქნება ჩემი მეორე კარიერა, მომღერლობასთან ერთად. ახლა მიღებენ ფილმში „მოჟღურტულე ბეღურები“. ჩემი პერსონაჟი ხორბალს ყიდის, რომ იტალიაში კონკურსზე გასამგზავრებელი ფული შეაგროვოს…  რეალურ ცხოვრებაში ჩემი გამგზავრება აშშ-ში ბატონმა დავითმა დააფინანსა და მისი ძალიან დიდი მადლობელი ვარ. მარტო ის რად ღირს, რო ბავშვები კარნეგი ჰოლში გამოიყვანო და ანახო, რას ნიშნავს ამხელა სცენაზე დგომა…

ნინო მურღულია

fortuna.ge

ფოტოების ავტორი: დათუნა აგასი

კომენტარები