მსოფლიოპოლიტიკა

ბორის ჯონსონი – ბრექსიტი 31 ოქტომბერს მაინც მოხდება, თუნდაც პარლამენტმა შეთანხმება არ დაამტკიცოს

ბოლო 37 წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ შაბათ დღეს იკრიბება ბრიტანეთის პარლამენტი, რათა ბორის ჯონსონის მიერ 17 ოქტომბერს ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას უყაროს კენჭი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი შეეცდება დაარწმუნოს ბრიტანელი კანონმდებლები, რომ შეთანხმებას მხარი დაუჭირონ, თუმცა, მისი თქმით, ბრექსიტი 31 ოქტომბერს მაინც მოხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა ევროკავშირთან 17 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმება არ დაამტკიცა. ეს განცხადება ბორის ჯონსონმა თემთა პალატში დაგეგმილ კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. „მოვიდა დრო, ეს გავაკეთოთ“, – მოუწოდა ჯონსონმა პარლამენტარებს. მისი მტკიცებით, ნებისმიერი შეყოვნება 31 ოქტომბრის შემდეგ ქვეყნისთვის „დამანგრეველი იქნება“.

ამასთან, ჯონსონს იმედი აქვს, რომ დეპუტატები შეთანხმებას მხარს დაუჭერენ.

„მიმაჩნია, რომ ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დავტოვოთ. ასეც მოხდება, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება კენჭისყრის შედეგი. თუ დეპუტატები შეთანხმებას დაამტკიცებენ, ჩვენ გაგვიჩნდება შანსი, წინ წავიწიოთ და დავიწყოთ მუშაობა ევროკავშირთან ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად. უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც“, – თქვა ჯონსონმა „ბიბისის“ ეთერში.

ბრექსიტის საკითხზე ახალ შეთანხმებას ევროკავშირმა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 17 ოქტომბერს მიაღწიეს. დღეს, 19 ოქტომბერს ეს შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე: ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტზე შეთანხმებას მიაღწიეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close