მსოფლიოპოლიტიკაnews

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ევროკავშირის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით. ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც დაადასტურა.

„შესანიშნავი ახალი შეთანხმება გვაქვს, რომელიც კონტროლს გვიბრუნებს“, – დაწერა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტვიტერზე. 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელსაც ბორის ჯონსონიც ესწრება.

შეთანხმებას ადასტურებენ ევროკომისიაშიც. „სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმება“, – დაწერა ტვიტერზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკება 2016 წელს ბრიტანეთში გამართული რეფენდუმის შემდეგ მიმდინარეობს, როდესაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭირა მხარი. ბრიტანეთს ევროკავშირი მიმდინარე წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა პარლამენტის მიერ ბრიუსელსა და ტერეზა მეის მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების უარყოფის გამო ბრექსიტი ჯერ 31 ოქტომბრამდე გადაიდო, შემდეგ – 2020 წლის 31 იანვრამდე.

მოგეხსენებათ, ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეულ წინა შეთანხმებასთან ბრიტანეთის პარლამენტის უარყოფით დამოკიდებულებას ექს-პრემიერის, ტერეზა მეის პოსტი შეეწირა. ბორის ჯონსონი ბრექსიტის თავგამოდებული მომხრეა, იგი ევროკავშირიდან ბრიტანეთის დაურეგულირებელ გამოსვლასაც მხარს უჭერდა, თუმცა პარლამენტმა მას ბრექსიტის კონტროლის უფლება არ მისცა.

ნიკო აბაშიშვილი 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close