მსოფლიოპოლიტიკა

სირიიდან საპასუხო დაბომბვის შედეგად თურქეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან თურქეთის მიმართულებით საპასუხო სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა თურქეთის სასაზღვრო ქალაქ აკჩაკალესა და მარდინის პროვინციაში. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში გუშინ, 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.

თურქეთის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ სირიის ჩრდილოეთში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში თურქმა სამხედროებმა უკვე დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე ობიექტი.

თურქეთის სამხედრო ქმედება უკვე დაგმო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავრობამ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ თურქეთი წესების მიხედვით არ „ითამაშებს“, მას სანქციები ემუქრება. ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერის გვერდზე დაწერა.

„თურქეთი ქურთებზე თავდასხმას დიდი ხანია გეგმავს. ისინი მთელი ცხოვრება იბრძვიან. ჩვენ არ გვყავს არცერთი სამხედრო იმ ადგილას, სადაც ოპერაცია მიმდინარეობს. ვცდილობ, დავასრულო დაუსრულებელი ომები ორივე მხარესთან საუბრით. თურქეთი ნატოს მოკავშირეა. სხვები ამბობენ, თავი შეიკავე, დაე, ქურთებმა საკუთარ ბრძოლაში თავად იბრძოლონ. მე ვამბობ, დავარტყათ თურქეთს ფინანსურად, სანქციებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი წესების მიხედვით არ ითამაშებენ. ყურადღებით ვაკვირდები“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტვიტერზე.

იტალიის მთავრობაც მოუწოდებს თურქეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს თქმით, თურქეთის მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაწყებული ოპერაცია იტალიის მთავრობისთვის მიუღებელია.

„ვგმობთ ამ სამხედრო ოპერაციას, რადგან წარსულში ყველა სამხედრო ოპერაციამ უფრო მეტ ტერორიზმამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა.

„საერთაშორისო სამაშველო კომიტეტში“ აცხადებენ, რომ თურქეთის მიერ  დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ შესაძლოა 300 ათასი ადამიანი დევნილად აქციოს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close