სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავის გადაბრუნების შედეგად

ფოტო: ANSA
კუნძულ ლამპედუზიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მაშველებმა ზღვაში აღმოაჩინეს 13 ადამიანის ცხედარი, რომლებიც ნავის გადაბრუნების შედეგად დაიღუპნენ. ნავს ლიბიიდან იტალიის სანაპირომდე არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა, – ამის თაობაზე 7 ოქტომბერს სააგენტო „ანსა“ იტყობინება. 

13-ვე გარდაცვლილი ქალია. მაშველებმა 22 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. უკვალოდ დაკარგული დანარჩენი მიგრანტების ძებნა გრძელდება.

გადარჩენილები ლამპედუზაზე გადაიყვანეს. მათი თქმით, სულ ნავზე 50 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 8 ბავშვი დაკარგულია.

ოპოზიცია იტალიის ახალი მთავრობის ბრალეულობაზე საუბრობს, რადგან მთავრობამ ისევ გახსნა პორტები არალეგალური მიგრანტებისთვის, რომლებიც ზღვით ცდილობენ იტალიის სანაპირომდე მიღწევას.

კომენტარები