„რომელი ჩავიცვა … სკანდალის გარეშე????“ – პრეზიდენტი BALENCIAGA-ს ახალ კოლექციაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს, ფეისბუქის პირად გვერდზე BALENCIAGA-ს ახალი კოლექციიდან რამდენიმე კაბას აზიარებს წარწერით: „რომელი ჩავიცვა… სკანდალის გარეშე????“
ამ პოსტით იგი, სავარაუდოდ, იმ ადამიანების კრიტიკას ეხმაურება, რომლებმაც მას პროტოკოლის უგულებელყოფაში დასდეს ბრალი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერლური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანიას შეხვდა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. ამ შეხვედრაზე მას წითელი პალტო, შავი კაბა და მუქი კოლგოტი ეცვა, რომელიც მაღალქუსლიან შავ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.
სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ ამ ჩაცმულობის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტზე, როგორც გემოვნებიან ადამიანზე, შთაბეჭდილება შეეცვალათ.
ის კაბები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა გააზიარა, BALENCIAGA SUMMER 20 SHOW-ზე წარადგინეს.
„ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი, მოგეხსენებათ, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა. მან თავის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტი გააზიარა და კაბაც შეურჩია.
დემნა გვასალიამ ლურჯი კაბით შემოსილი პრეზიდენტის ფოტო წარწერით „შეგირჩიეთ“ თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
კომენტარები