„მილანს“ ევროპის უმდიდრესი ადამიანი ყიდულობს

„მილანი“ შესაძლოა უახლოს მომავალში ახალი მფლობელის ხელში გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, საფეხბურთო კლუბის შეძენით კომპანია LOUIS VUITTON MOET HENNESSY-ს მფლობელი ბერნარ არნოა დაინტერესებული.

მილანური კლუბის ამჟამინდელი მფლობელი ამერიკული ფონდი Elliott Management Corporation-ია. 2018 წელს „მილანი“ ამ კომპანიის საკუთრებაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კლუბი ჩინელმა ბიზნესმენმა ლი იონჰონმა დატოვა.

გამორიცხული არაა, „როსონერისთან“ დაკავშირებით გარიგება უკვე ამ წლის ბოლომდე შედგეს. არნო აპირებს ისარგებლოს იმ ფაქტით, რომ ბოლო ხანებში კლუბის ღირებულება 1,2 მილიარდი ევროდან 960 მილიონ ევრომდეა შემცირებული.

და თუ ეს ხმები გამართლდება და „მილანი“ ბერნარ არნოს ხელში აღმოჩნდება, დიდი ალბათობით, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მასიმილიანო ალეგრის დააბრუნებენ. მაქსი „მილანს“ 2010-2014 წლებში წვრთნიდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო კლუბმა უკანასკნელად სკუდეტო (იტალიის სერია A) 2010/11 წლებში.

მასიმილიანო ალეგრი

რაც შეეხება ბერნარ არნოს, 70 წლის ფრანგის ქონება, 2019 წლის ზაფხულის მონაცემებით, 108 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება და ის ევროპის უმდიდრეს ადამიანადაა აღიარებული.

popsport.com

კომენტარები