მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

ჟაკ შირაკს დღეს კრძალავენ, ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება

საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს ჟაკ შირაკს დღეს კრძალავენ პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე, რომელიც დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, მე-14 რაიონში (ARRONDISSEMENT) მდებარეობს. ჟაკ შირაკი ამ სასაფლაოზე საფრანგეთის მეორე პრეზიდენტი იქნება პოლ დეშანელის შემდეგ (გარდაიცვალა 1922 წელს).

ამჟამად ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. ნაშუადღევს ყოფილ პრეზიდენტს მიწას მიაბარებენ საოჯახო აკლდამაში, სადაც დაკრძალულია მისი უფროსი ქალიშვილი ლორანსი, რომელიც 2016 წელს ანორექსიით გარდაიცვალა.

მონპარნასის სასაფლაო უდიდესია (19 ჰექტარი, 35 ათასი საფლავი) საფრანგეთის დედაქალაქის ფარგლებში არსებულთა შორის და იქ უამრავი ცნობილი ადამიანი განისვენებს, მათ შორის: შარლ ბოდლერი, სამუელ ბეკეტი, ბრასაი, რობერ დესნოსი, გი დე მოპასანი, ჟან პოლ სარტრი, სიმონ დე ბოვუარი, სერჟ გინსბურგი, ეჟენ იონესკო, კამილ სენ-სანსი, მან რეი, ხაიმ სუტინი და სხვები.

მონპარნასის სასაფლაო, ფოტო: ouest-france.fr
ჟან პოლ სარტრისა და სიმონ დე ბოვუარის საფლავი მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში; ფოტო: Wikimedia Commons

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საეკლესიო მსახურებასა და დაკრძალვის ცერემონიას ესწრება.

ჟაკ შირაკის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მონაწილეობენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და კიდევ 30-მდე ქვეყნის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები. სხვათა შორის, რუსული მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვლადიმირ პუტინი უცხო ქვეყნის მეთაურის დაკრძალვას ესწრება.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 26 სექტემბერს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close