საბერძნეთში გაუჩინარებული ქართველი გოგო საავადმყოფოში იპოვეს
საბერძნეთის დედქალაქ ათენში 5 დღის წინ გაუჩინარებული სალომე გოგინაშვილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გოგონას დედა, ნონა კუპრაშვილი ავრცელებს.
ქალბატონი ნონა დღეს Star-ის ეთერით გამოვიდა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა. ირკვევა, რომ სალომე ამჟამად გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა ქალი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი, ათენში, შაბათს (21/09) 13:00 საათზე სახლიდან გავიდა და უგზო-უკვლედ დაიკარგა. ერთ-ერთი ინფორმაციით, სანამ კვალი გაქრებოდა, სალომე ატიკის მეტროსთან ახლოს დააფიქსირეს.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, სალომეს ახლობლის თქმით, იგი შოკურ მდგომარეობაში იპოვეს, კითხვებზე მხოლოდ იმას პასუხობდა, რომ სალომე ჰქვია.
გოგონა ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც ტელევიზიას შეატყობინეს დაკარგულის პოვნის თაობაზე, ოჯახში კი სწორედ ტელევიზიიდან დარეკეს და სალომე გოგინაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ აცნობეს. დედამ, ქალბატონმა ნონა კუპრაშვილმა, უკვე მოინახულა შვილი.
ოჯახის ახლობლისვე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი პორტთან უცნობმა ადამიანმა იპოვა და საავადმყოფოში მიიყვანა. დაკარგულს უჭმელობისგან ორგანიზმი დაუძლურებული და გამოფიტული აქვს და რამდენიმე დღეს საავადმყოფოში გაატარებს.
სად იმყოფებოდა იგი ამ დღეების განმავლობაში და რატომ აღმოჩნდა პორტში შოკურ მდგომარეობაში, ჯერჯერობით უცნობია.
სალომეს დედამ, ქალბატონმა ნონა კუპრაშვილმა თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა:
„ჩემი სალო ცოცხალია… ვნახეთ… მადლობა და ჩემგან დიდი სიყვარული ყველა ქართველ ემიგრანტს და მთელ საქართველოს ასეთი გულისხმიერად გვერდში დგომისთვის, დალოცვილი იყავით ყველანი თქვენი ოჯახებით, უფალი გფარავდეთ მუდამ… მეამაყებით ჩემო საყვარელო ხალხნო“.
კომენტარები