ათენი: მოლდოველ სექს-მონებს აიძულებდნენ, დღეში 40 კლიენტი მიეღოთ
ათენის პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც 6 მოლდოველ ქალს აიძულებდნენ პროსტიტუციით დაკავებულიყვნენ. კრიმინალებმა ქალები საბერძნეთში ჩაიყვანეს, დოკუმენტები წაართვეს, ჩაკეტილი ჰყავდათ და აიძულებდნენ დღეში 40-მდე კლიენტს მომსახურებოდნენ. ამის შესახებ „კათიმერინი“ წერს.
საბერძნეთის დედაქალაქის ატიკის რეგიონის უსაფრთხოების სამმართველოს პოლიციელებმა დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს, მათგან 12 უცხოელია, 3 – ბერძენი.
6 მოლდოველი ქალი, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი გახდნენ, გაათავისუფლეს. დაზარალებულები ამჟამად სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფებიან და დახმარება უტარდებათ.
კრიმინალები, მოლდოველი „კოლეგების“ ხელშეწყობით, პოულობდნენ ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალებს და სთავაზობდნენ სამუშაოს ვითომ ბავშვების ან მოხუცების მომვლელად, ჩაჰყავდათ საბერძნეთში, სადაც მეძავობას აიძულებდნენ.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, ქალები ჩაკეტილები ჰყავდათ 6 ნაქირავებ ბინაში ათენის ცენტრალურ ნაწილში; რომ არ გაქცეულიყვნენ, დოკუმენტები ჩამოართვეს, სხვადასხვა მეთოდით აშანტაჟებდნენ, მათ შორის, ოჯახებზე შურისძიებით…
თითოეულმა ქალმა, რომელიც 14 საათის განმავლობაში მუშაობდა და დღე-ღამეში 40-მდე კლიენტს ემსახურებოდა, პოლიციის შეფასებით, დამნაშავეებს დაახლოებით 100 ათასამდე ევრო მოგება მოუტანა. ასეთი ექსპლუატაცია, ცხადია, სექს-მონების ჯანმრთელობაზეც აისახა.
დამნაშავეთა აყვანის ოპერაცია 21 სექტემბერს დაიწყო. გარდა 6 მოლდოველი ქალისა, რომლებიც იძულებით ეწეოდნენ პროსტიტუციას, 10 ბორდელში პოლიციამ აღმოაჩინა 18 მეძავი, მათ შორის, 10 უცხოელი. სამ მათგანთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული დეპორტაციის პროცესი.
დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ოჯახური წყვილი ალბანეთიდან.
კომენტარები