შეუცნობელიჰოროსკოპი

გაიხსენეთ, კვირის რომელ დღეს იყო თქვენი ბოლო დაბადების დღე და გაიგებთ, როგორი წელი გელით წინ

საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ კვირის თითოეულ დღეს  სხვადასხვა პლანეტა მართავს. ორშაბათს მართავს პლანეტა მთვარე, სამშაბათს – მარსი, ოთხშაბათს – მერკური, ხუთშაბათს – იუპიტერი, პარასკევს – ვენერა, შაბათს – სატურნი, კვირას კი – თავად მზე.

საკმარისია იცოდეთ, კვირის რომელ დღეს ემთხვევა თქვენი დაბადების დღე და მთელი წლის საერთო სურათსაც დაადგენთ – იმ ძირითად პრობლემებს, მიზნებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც სწორედ ამ წლის მანძილზე გელოდებათ, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვირის ყოველ დღეს თავისი მფარველი პლანეტა ჰყავს, მზის ასტროლოგიური პროგნოზი (მზე წლის განმავლობაში ზოდაქოს ყველა ნიშანს გადის) კი სწორედ ამ პლანეტების ზეციურ განლაგებას ემყარება.

ორშაბათი – მთვარის წელიწადი

თუ თქვენი ბოლო დაბადების დღე ორშაბათს დაემთხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში განსაკუთრებით ემოციურნი და მგრძნობიარენი იქნებით. გაგიტაცებთ პოეზია და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ორშაბათს ძლიერ ემოციური მთვარე მართავს.

მთვარის წელს ადამიანები თითქოს უფრო მელანქოლიურნი, ჩაფიქრებულები და პასიურები არიან. სურვილი უჩნდებათ იოცნებონ, ზოგჯერ იტირონ კიდეც. უფრო მწვავედ გრძნობენ და განიცდიან  როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა პრობლემებს.

მთვარის წლის ადამიანები ურთიერთობებისგან არა რაიმე კონკრეტულ სარგებელს, არამედ ზედაპირულ ემოციურ კმაყოფილებას იღებენ. კარგი იქნება, თუ სახლში კატას იყოლიებთ. ეს ცხოველი ხომ მთვარის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ჰოდა, მასთან ურთიერთობა თქვენს პესიმიზმს გაანეიტრალებს.

მთვარეს ყურადღება, ძირითადად, თქვენს სულიერ მხარეზე გადააქვს, ამიტომაც უმრავლეს შემთხვევაში  ცხოვრობთ სულით, ინტუიციით და არა გონებით. მთვარის წელს ბევრი მათგანი ნათელმხილველობის უნარს იძენს.

მთვარე ღამე ანათებს, ამიტომაც ამ წელს თქვენი სიზმრისეული სამყარო გაძლიერედება – არ გაგიკვირდეთ, თუ უცნაურად ლამაზ და ფერად სიზმრებს იხილავთ.

მთვარის წელს თქვენს განწყობაზე ძლიერ ზემოქმედებას მოახდენს მთვარის ფაზები. კრიტიკულ დღეებში შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს თქვენი ფიზიკური მდგომარეობა: იგრძნობთ ფსიქოლოგიურ აშლილობას, სურვილი გაგიჩნდებათ მომაბეზრებელ ყოველდღიურობას და ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი გაექცეთ. სავსემთვარიანობის დროს უფრო მეამბოხე და აგრესიულიც კი გახდებით, მაგრამ ყველაფერ ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ეცადეთ უფრო მეტი ყურადღება ოჯახს და ახლობლებს დაუთმოთ, დიდხანს დაყოთ სახლში და სულიერ სიმშვიდეს აუცილებლად იგრძნობთ.

მთვარის წელიწადში თქვენი ფიზიკური მდგომარეობა კუჭთან არის დაკავშირებული. მიიღეთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხე, განსაკუთრებით რძე. საკუთარ თავს ხშირად მოუწყვეთ განტვირთვის დღეები და თქვენს ფიზიკურ მდგომარეობასაც საფრთხე არ დაემუქრება.

სამშაბათი – მარსის წელიწადი

თქვენი ბოლო დაბადების დღე სამშაბათია? – იცოდეთ, რაც არ უნდა ნაზი და ჭირვეული ქალი იყოთ, მარსი ყველანაირ კაპრიზს დაგავიწყებთ და ყველასთვის მოულოდნელად ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდებით. მამაკაცებს კი ამ წელს დიდი შანსი ექნებათ ბოლომდე გამოავლინონ მათთვის დამახასიათებელი თვისებები – სიმამაცე და გამბედაობა. მარსი ომის პლანეტაა და ამ წელს განუწყვეტელი დავა გექნებათ როგორც საკუთარ თავთან, ისე პარტნიორებთან.

მარსი სისწრაფის პლანეტაცაა. მის წელიწადში თქვენ, თუნდაც ერთი შეხედვით ზარმაცი ადამიანი იყოთ, მაინც ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ, ვინაიდან ეს პლანეტა თითოეულ ჩვენგანს უდიდესი ენთუზიაზმით ავსებს. ზოგიერთმა მათგანმა მარსის წელიწადში შესაძლოა სულიერი და ფიზიკური დაღლილობა იგრძნოს, მაგრამ ნუ შეშფოთდებით, მარსი მოდუნების უფლებას არ მოგცემთ. ხოლო თუ  მარსის წელიწადში შექმენით ოჯახი, დარწმუნებული იყავით, არ მოიწყენთ. მთელი წლის განმავლობაში აქტიური ქმედებით იქნებით სტიმულირებული. მარსი ხომ სწრაფი, მებრძოლი და ცხელი პლანეტაა, ამდენად,  ნურც დაწყნარებულ ოჯახურ იდილიაზე იოცნებებთ. ერთი რამეც გაითვალისწინეთ: ბავშვი თუ მარსის წელს შეგეძინათ, იგი ქარიშხალივით იქნება, მისი ყველა სურვილის შესრულება მოგიწევთ, სამაგიეროდ, იგი თქვენი ცხოვრების სტიმული გახდება.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, მარსის წელიწადი ერთ-ერთი საინტერესო წელია. ამ პლანეტის მფარველობის ქვეშ თქვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი იქნება, თუ, რა თქმა უნდა, პრობლემებს არ შეუქმნით ორგანიზმს და ისე ენერგიულად, აქტიურად იცხოვრებთ, როგორც ეს პლანეტა მოითხოვს.

მარსის წელიწადში დააავადებებისგან სწრაფად განკურნებაა შესაძლებელი (მარსი, როგორც ვთქვით, სისწრაფის პლანეტაა). განსაკუთრებით გარგებთ ცხელი აბაზანები.

ოთხშაბათი – მერკურის წელიწადი

ოთხშაბათს პლანეტა მერკური მართავს. თუ თქვენი ბოლო დაბადების დღე სწორედ ოთხშაბათს დაემთხვა, შესაძლებლობა გეძლევათ ძალზე გაიმრავალფეროვნოთ ცხოვრება. მერკურის წელიწადში უამრავი ახალი გატაცება, ახალი ნაცნობები გაგიჩნდებათ, გეყოლებათ ბევრი სტუმარი.

მერკური ახალგაზრდობის სიმბოლოა, ამიტომაც ის ახალგაზრდული ენერგიით აღგავსებთ. გირჩევთ დიდი ყურადღება დაუთმოთ სპორტს, დიეტას, ორგანიზმის გაწმენდას.

მერკურის წელიწადში ადამიანები უფრო კომუნიკაბელურები ხდებიან, შედარებით ადვილად იცვლიან პროფესიას, ზოგჯერ საცხოვრებელ ადგილსაც კი, რადგან თავად მერკურია მოძრავი, მსუბუქი და ცვალებადი პლანეტა.

მერკურის წელს სწავლის გაძლიერებული სურვილი გაგიჩნდებათ. ეს წელიწადი მეტად მომგებიანია კომერციული საქმიანობისთვის.

მერკური აზრისა და სიტყვის პლანეტაა, ამიტომაც საღად აზროვნების უნარი გაგიძლიერდებათ, სურვილი გაგიჩნდებათ ჩაიწეროთ თქვენი აზრები, შემდეგ კი მოთხრობის სახე მისცეთ. სწორედ ამ წელს ხდებით განსაკუთრებით მჭევრმეტყველნი, რაც ინტერესითაა განპირობებული – მერკური ხომ ძალზე ცნობისმოყვარეა.

მერკურის წელიწადი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოა.  მისი სასიკეთო გავლენა დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. რაც უფრო მოძრავი, აქტიური და საქმიანია ადამიანი, მის უფრო სწრაფად მიმდინარეობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა და ისიც უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

ხუთშაბათი – იუპიტერის წელიწადი

ხუთშაბათ დღეს იუპიტერი მართავს – სოციალური ორიენტაციისა და ურთიერთობის სფეროს მფარველი პლანეტა და თუ თქვენი ბოლო დაბადების დღე ხუთშაბათ დღეს დაემთხვა, აუცილებლად მოგიწევთ სოციალური მდგომარეობის ან თუნდაც პროფესიის შეცვლა. სამაგიეროდ, ეს წელიწადი თქვენთვის მეტად პერსპექტიული სამუშაოს მოძებნაში დაგეხმარებათ. იუპიტერი საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად გამოიჩინოთ თავი საზოგადოებაში. შანსი გეძლევათ დაძლიოთ ყოველგვარი კომპლექსი, დაამყაროთ ახალი პერსპექტიული კონტაქტები და თუ  სწორედ ამ წელიწადში იპოვნით თქვენს მეორე ნახევარს, გარწმუნებთ, რომ მთელი თქვენი ურთიერთობების დევიზი საზოგადოებრივი საქმიანობა იქნება. იუპიტერის წელში შესაძლოა მდიდარ მფარველს შეხვდეთ ან ხელსაყრელი სპონსორი იპოვოთ თქვენი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

იუპიტერის წელიწადში უფრო ხშირად იმოგზაურებთ საზღვარგარეთ და ურთიერთობას დაამყარებთ უცხოურ ფირმებსა თუ ორგანიზაციებთან.

იუპიტერი ფართომასშტაბიანი მოქმედებებისკენ გიბიძგებთ. ბევრი საქმის ერთდროულად კეთების სურვილი გაგიჩნდებათ, წარმატებებსაც მიაღწევთ და განუმეორებელ იმიჯსაც შეიქმნით, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ: რადგან იუპიტერს ჰიპერბოლიზება უყვარს, პატარა ოჯახური კონფლიქტები ამ წელიწადში შესაძლოა სერიოზულ უთანხმოებაში გადაიზარდოს.

და კიდევ: იმისთვის, რომ იუპიტერის წელიწადში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ შეგექმნათ, თავს გაუფრთხილდით,  უბრალო გაციებისაც კი დიდი ყურადღება მიაქციეთ, რადგან ნებისმიერმა უმნიშვნელო დაავადებამაც კი შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს, ამიტომ უმჯობესია იუპიტერის წელიწადი თქვენი ჯანმრთელობის პროფილაქტიკით დაიწყოთ.

პარასკევი – ვენერას წელიწადი

პარასკევის მფარველია ულამაზესი პლანეტა ვენერა და თუ თქვენი ბოლო დაბადების დღე პარასკევია, გირჩევთ ერიდოთ ყოველგვარ მიწიერ, ადამიანურ ცდუნებებს, რადგან ვენერა სწორედ მიწიერი სილამაზის და ადამიანური გრძნობების მფარველია.

ვენერას წელიწადში ტკბილი, განსაკუთრებული სიამოვნებებით სავსე ცხოვრების სურვილი გაგიჩნდებათ. გინდათ გქონდეთ ყველაფერი, რაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. სწორედ ამიტომ ბევრი ნარკოტიკს, სპირტიან სასმელებს, სიგარეტს ეტანება, მაგრამ როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ზოგიერთ მათგანს უჩნდება სურვილი გემრიელი კერძების მომზადების საიდუმლოს დაეუფლოს და ისინიც კი, ვინც ადრე სამზარეულოს არ ეკარებოდნენ, სიამოვნებით აიფარებენ წინსაფარს.  აქ, ალბათ, გასაკვირიც არაფერია – გემრილად ჭამაც ხომ დიდი სიამოვნებაა?!

პლანეტა ვენერას ზემოქმედების შედეგად ადამიანები სწავლობენ, თუ როგორ უნდა მიანიჭონ სიამოვნება გარშემომყოფებს, უჩნდებათ სხვების დასაჩუქრების სურვილი.

პლანეტა მზის მსგავსად, მგრძნობიარე ვენერას შეუძლია სიყვარული მოგანიჭოთ, მაგრამ ეს არ იქნება ძლიერი, ამაღელვებელი და ფაქიზი გრძნობა – უფრო ადამიანურ ვნებებზეა საუბარი.

ვენერა ქალების პლანეტაა და, ამდენად, ყურადღებას ქალზე ამახვილებს, პრობლემებიც, ძირითადად, ქალთან დაკავშირებით ჩნდება. თავად ქალები ვენერას წელიწადში განსაკუთრებით მგრძნობიარენი, მიმზიდველნი და მომხიბვლელნი არიან. ვენერა უპირატესობას სილამაზეს ანიჭებს, ამიტომ წარმატების მისაღწევად ეცადეთ, ყველა საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებთ, ლამაზად გააკეთოთ.

რაც შეეხება თქვენს ჯანმრთელობას, ის ფიზიკურ დაუკმაყოფილებლობასთან, განსაკუთრებით კი კვებასთან არის დაკავშირებული. ვენერა არჩევანის პლანეტაცაა, ამიტომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა კვების სწორი მიმართულების განსაზღვრაშია.

შაბათი – სატურნის წელიწადი

თუ თქვენი ბოლო დაბადების დღე შაბათს დაემთხვა, მძიმე საქმიანობისთვის მოემზადეთ. შაბათს მკაცრი სატურნი მართავს – ბედისწერის და გამოცდის პლანეტა; სატურნის წელში ადამიანები განსაკუთრებით ბევრს მუშაობენ, უმძაფრდებათ მოვალეობის და პასუხისმგებლობის გრძნობა. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რადგან სატურნი თქვენს ძალას და შესაძლებლობებს, წინააღმდეგობის გადალახვის უნარს ცდის.

სატურნის წელიწადში გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. გირჩევთ, ბანკში ანგარიში გახსნათ. ფუს წვრილმანებზე ნუ დაიხარჯებით, რაიმე ღირებული შეიძინეთ.

გირჩევთ, ასევე, ყველაფერში წესრიგისა და კანონიერების დაცვას – სატურნი ხომ პლანეტა კანონმდებელია, ერთი შეხედვით ფუქსავატი და უპასუხისმგებლო ადამიანებიც კი სატურნის წელიწადში ძალზე პუნქტუალურები ხდებიან. ისინი არასოდეს აგვიანებენ პაემანზე, რაც ადრე მათთვის დამახასიათებელი თვისება იყო და არასოდეს კადრულობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობას.

სატურნი კონსერვატორია, გვაიძულებს პატივი ვცეთ წარსულის ტრადიციებს, ანგარიში გავუწიოთ ჩვენთვის თითქოს უკვე მოძველებულ ზნე-ჩვეულებებს. ამ წელიწადში ირგვლივ მოქმედების არეალი არ იშლება, თქვენი ცხოვრება სავსე არ იქნება სიახლეებით, რადგან სატურნისთვის ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

სატურნის წელიწადში უფრო ადვილია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება, ზედმეტი წონის მოცილება, ჩაცმის სტილის შეცვლა – ამ მიმართულებით უპირატესობას კლასიკურ სტილს და შავ-თეთრ ფერს მიანიჭებთ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, სატურნი გირჩევთ თავი შეიკავოთ მედიკამენტების მიღებისგან, უპირატესობა ცხოვრების ჯანსაღ წესს მიანიჭოთ: ფიზიკურ ვარჯიშებს, მასაჟებს, დიეტას, მწვანე აფთიაქს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა უსიამოვნებას უმტკივნეულოდ აიცილებთ თავიდან.

კვირა – მზის წელიწადი

თქვენი ბოლო დაბადების დღე კვირაა? გამოდის, რომ თქვენი მფარველი მზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში მზის ენერგიით იქნებით სავსე. ეს განსაკუთრებით თქვენს შემოქმედებით ცხოვრებას დაეტყობა. შესაძლოა მუსიკის, ფერწერის ან მწერლობის განსაკუთრებვული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი არ ხართ, მაგრამ ამ წელს მაინც გექნებათ სურვილი თქვენს ცხოვრებაში პრიორიტეტი ხელოვნებას მიანიჭოთ და რაღაც ღირებული შექმნათ. უფრო ხშირად ივლით თეატრში, ნახავთ კინოფილმებს, მოინახულებთ მუზეუმებს, მოუსმენთ მუსიკას. თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება უნივერსალური იქნება.

მზის წელიწადში ყველაზე მძიმე პრობლემების გადაჭრას შეძლებთ. თქვენთვის მოულოდნელად შესაძლოა ორგანიზატორული ნიჭიც აღმოგაჩნდეთ და დიდ თანამდებობაზე აღმოჩნდეთ, ან სულაც ლიდერის პოზიცია დაიკავოთ სამსახურში.

მზის წელიწადში ბევრ ახალ მეგობარს შეიძენთ, სურვილი გექნებათ იცხოვროთ ლამაზად. მოთხოვნილება გექნებათ გეცვათ მდიდრული ტანსაცმელი, გქონდეთ ძვირფასი სამკაულები, იაროთ ძვირადღირებულ რესტორნებსა და პრესტიჟულ დაწესებულებებში, მაგრამ ცდუნებას ნუ აჰყვებით, გამოიყენეთ მზის უზარმაზარი ენერგია შემოქმედებითი წარმატებების მისაღწევად.

ყველაზე მთავარი კი ალბათ ის არის, რომ ასტროლოგიაში მზე სიყვარულის პლანეტად არის მიჩნეული და სწორედ მზის წელიწადში შეიძლება გეწვიოთ ის ძლიერი, თავბრუდამხვევი და ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. იცოდეთ, მზის წელიწადში შექმნილი ოჯახის საფუძველი სიყვარულია.

მზის წელიწადში ყველაზე მოწყენილი ადამიანის სახეზეც კი ხშირად დაინახავთ ღიმილს, ყველაზე სევდიანი თვალებიც კი ხშირად გაბრწყინდება იმედის სხივით.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, მზე გულ-სისხლძარღვთა სისტემას მართავს და თუ გინდათ გულთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგექმნათ, მზის რეჟიმი დაიცავით – ადექით მასთან ერთად და მზის ჩასვლისთანავე დაისვენეთ, მიიღეთ მზის აბაზანები. რაც შეიძლება დიდი ხანი დაყავით მზეზე.

მზეს ბედნიერება მოაქვს და თუ თქვენი ბოლო დაბადების დღე სწორედ მის დღეს დაემთხვა, შანსი გაქვთ, უბედნიერესი ადამიანი იყოთ.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close